კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მორიგი დაჯილდოების ღონისძიება ჩაატარა და გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა. მედიაწიგნიერების კონკურსი, რომელიც მოზარდებში მედიაწიგნიერების, კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებას ისახავს მიზნად, უკვე მეოთხედ ჩატარდა, თუმცა მასში მონაწილეობა ბაკალავრიატის სტუდენტებმა პირველად მიიღეს.
სტუდენტებისთვის პირველი კონკურსის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიაში სულ 120-მდე საკონკურსო ნამუშევარი შემოვიდა, რომელთაგან სამი საუკეთესო კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. სტუდენტებს უნდა აღმოეჩინათ ქართულ მედიასივრცეში, მათ შორის ინტერნეტში, ტელევიზიასა და ბეჭდურ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია („Fake News”), რომელიც ეხებოდა საქართველოში მომხდარ ამბავს და ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია.
კონკურსის გამარჯვებულებსა და სხვა კონკურსანტებს, რომლებიც პირველ სამეულში ვერ მოხვდნენ, მაგრამ ხარისხიანი ნამუშევრები წარმოადგინეს, ამასთან გამოავლინეს მაღალი კომპეტენცია და ეფექტური უნარები, კომუნიკაციების კომისია კარიერულ განვითარებაში დაეხმარება. კომისია კონკურსის მონაწილე 15-მდე საინტერესო ნამუშევრის ავტორ სტუდენტს სერტიფიცირებულ ტრენინგებს ჩაუტარებს. სტუდენტები BBC აკადემიის სასწავლო მასალებსა და მედიაწიგნიერების დეპარტამენტის მიერ შექმნილ პროგრამას გაივლიან, რის შემდეგაც კომუნიკაციების კომისია მათ მისცემს შესაძლებლობას, მედიაწიგნიერების მიმართულებით სხვადასხვა პროექტში მიიღონ მონაწილეობა და საკუთარი გამოცდილება სხვა სტუდენტებსა და მოსწავლეებს გაუზიარონ.
პანდემიიდან გამომდინარე, უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ დაჯილდოების ღონისძიებაზე მხოლოდ გამარჯვებული კონკურსანტები მოიწვია. ხოლო იმ წარმატებულ 15 სტუდენტთან, რომლებსაც კომისია ტრენინგებსა და კვალიფიკაციის ამაღლებას სთავაზობს, კომუნიკაცია დამატებით, უახლოეს მომავალში შედგება.
რაც შეეხება კონკურსში გამარჯვებულებს, პირველი ადგილის მფლობელი ავთანდილ შავაძე გახდა, რომელსაც კომისიამ საჩუქრად iPhone 12 Pro გადასცა. მისი საკონკურსო ნაშრომი რუსეთის პრეზიდენტის მიერ ქართველი ვეტერანებისთვის ფულად დახმარებას ეხებოდა. ონლაინ გამოცემა news-front.ge-ზე განთავსდა სტატია, რომლის მიხედვითაც ვლადიმერ პუტინმა ქართველ ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცა და ფულადი დახმარების სახით 200 ლარი გადასცა. საკონკურსო ნაშრომის ავტორმა თავდაპირველად ინფორმაციის გადამოწმება თავად მედიაში სცადა, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ კი, ავთანდილ შავაძემ ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებგვერდსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გადაამოწმა, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ გავრცელებული სტატია ყალბია.
მეორე ადგილზე ქეთევან გიორგაძე გავიდა, რომელსაც კომუნიკაციების კომისიისგან საჩუქრად New iPad Pro 2020 გადაეცა. ქეთევან გიორგაძემ ყალბი ინფორმაცია geworld.ge-ზე აღმოაჩინა. სტატიაში მოცემულ ინფორმაციაში საუბარია, რომ რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა მილიარდებს აღწევს, ხოლო ამერიკასთან 40 მილიონს ვერ სცდება. კონკურსანტმა სტატისტიკა საქსტატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადაამოწმა, საიდანაც გაირკვა, რომ რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა მხოლოდ 266 ათას დოლარს შეადგენს. ქეთევანმა ასევე აღმოაჩინა, რომ სტატიაში მოცემული ყალბი ინფორმაცია რუსეთის მიერ კორონავირუსის ვაქცინის გამოგონებას უკავშირდება.
კონკურსის მესამე ადგილის მფლობელი კი მარიამ რუხაძე გახდა, მას Beats Studio 3-ის თანამედროვე უსადენო ყურსასმენი გადაეცა. მარიამის საკონკურსო ნაშრომი სისხლძარღვების გამწმენდ საშუალებას ეხებოდა, მან gaqx.info-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში რამდენიმე უზუსტობა აღმოაჩინა, მათ შორის, სტატიაში ნახსენები ქართველი, 124 წლის ქალბატონი არ არის გინესის რეკორდსმენი და ის სინამდვილეში რუსი ეროვნებისაა. კომენტარების ავტორების ავთენტურობის და თავად ვებ-გვერდის სანდოობის გადასამოწმებლად მარიამმა google-ის ფოტოების საძიებო სისტემა, scamadviser და საქართველოს რეკორდების ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი გამოიყენა, რის შემდეგაც დაადგინა, რომ სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია ყალბია.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის პირველად, ხოლო სკოლის მოსწავლეებისთვის სამჯერ წარმატებით ჩაატარა. კონკურის პარალელურად, კომუნიკაციების კომისიამ ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის შესახებ, თბილისსა და რეგიონებში ექვს უნივერსიტეტის 200-მდე სტუდენტს ონლაინ სასწავლო სესიები ჩაუტარა. BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ინტერაქტიული სესიების ფარგლებში, სტუდენტებმა ისწავლეს, როგორ მოახდინონ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ანალიზი და გადაამოწმონ ფაქტები. აღნიშნული შეხვედრები მათ ასევე საკონკურსო ნაშრომის მომზადებაშიც დაეხმარა.
ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.