კომუნიკაციების კომისიამ იანვარ-თებერვლის ComCom დაიჯესტი გამოაქვეყნა
კომუნიკაციების კომისიამ საზოგადოებას იანვარ-თებერვლის ComCom დაიჯესტი წარუდგინა, რომელშიც კომისიის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და გასული ორი თვის შემაჯამებელი მოვლენებია შესული, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.
„ComCom დაიჯესტის პირველი მნიშვნელოვანი სიახლე, ISO 9001:2015 სერტიფიკატია, სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი ამბით დაიწყო კომუნიკაციების კომისიამ 2021. ISO სერტიფიკატი კომისიამ მომხმარებლების ინტერესების დაცვისა და კანონით დაკისრებული ვალდებულებების საუკეთესოდ შესრულებისთვის მიიღო. ISO 9001:2015 სერტიფიკატის მიღება იმის დადასტურებაა, რომ კომისია უწყვეტ რეჟიმში ცდილობს საკუთარი საქმიანობის გაუმჯობესებას, საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგებას, ტექნოლოგიურ განვითარებას და რაც მთავარია, მუდმივად ინარჩუნებს აქტიურ კომუნიკაციას მომხმარებლებთან – იღებს მათგან აუცილებელ უკუკავშირს და ითვალისწინებს მას გადაწყვეტილებების მიღებისას.
მობილური აბონენტების რაოდენობა, ComCom ანალიტიკის ანგარიშები, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სატელეკომუნიკაციო ბაზარზე განვითარებული მოვლენები – ComCom დაიჯესტში ყველა საინტერესო ამბავია თავმოყრილი.
ComCom დაიჯესტში თქვენ ნახავთ ვინ და რამდენი ლარით დაჯარიმდა არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი ფილმის ეთერში კანონდარღვევით განთავსებისთვის და რა სახის სანქცია დაეკისრა „მთავარ არხს“ ეთერში უხამსობის შემცველი სიუჟეტის გავრცელებისთვის. ასევე გაეცნობით კომისიის პოზიციას უხამსობის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით. ComCom დაიჯესტის საშუალებით საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია, რას უკრძალავს კანონმდებლობა დეპუტატ ფრიდონ ინჯიას, როგორ სცადა მან კანონდარღვევის დამალვა და რისთვის იყენებს ის საპარლამენტო ტრიბუნას.
გასული ორი თვის შემაჯამებელ დაიჯესტშია შესული, მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ დაჯილდოების შესახებ ინფორმაცია, საიდანაც შეგიძლიათ კონკურსის გამარჯვებული სტუდენტები გაიცნოთ“,- აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.