კომუნიკაციების კომისიამ ევროპელ ექსპერტებთან ერთად, საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის სრულფასოვანი კვლევის პროექტზე დაიწყო მუშაობა.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.
„კომუნიკაციების კომისიას ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით ხორვატი, ბელგიელი, სლოვენიელი და ბრიტანელი ექსპერტების ჯგუფი ეწვია, რომლებიც კომისიის გუნდთან ერთად ევროკომისიის მიერ დადგენილი ბაზრის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების მიხედვით მობილური და ფიქსირებული მომსახურებების საცალო და საბითუმო სეგმენტებზე, ეკონომიკური, სამართლებრივი და ტექნიკური მიმართულებით ანალიზს ჩაატარებენ. კვლევის ფარგლებში, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენცია შეფასდება, დადგინდება შესაბამისი ბაზრები და საჭიროების შემთხვევაში კომპანიებისთვის სპეციფიური ვალდებულებები განისაზღვრება. კვლევის მიზანია, ფიქსირებული და მობილური მომსახურების ბაზრებზე შესვლის ბარიერები მოიხსნას და გაიზარდოს კონკურენცია. აღნიშნული, ერთი მხრივ, მრავალფეროვან სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობას განაპირობებს, ხოლო მეორე მხრივ, მცირე ზომის კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, განავითარონ საქმიანობა და შექმნან ალტერნატიული საკომუნიკაციო შეთავაზებები, ქსელის მფლობელი ოპერატორები კი მეტად აითვისებენ საკუთარი ქსელის შესაძლებლობებს, რითაც დამატებით შემოსავალს მიიღებენ.
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის შესწავლის მიზნით, კვლევის ფარგლებში ექსპერტები ტელეკომ ოპერატორებს შეხვდნენ, მათ შორის სამუშაო შეხვედრები გაიმართა „ბილაინის“, „სქაიტელის“, „მაგთიკომის“, „სილქნეტის“, „ახალი ქსელების“, „კავკასუს ონლაინის“, „ოუფენ ნეტის“, მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციისა, MVNO ასოციაციის წარმომადგენლებთან და მომხმარებელთა უფლებების დამცველთან. კვლევა, ევროკავშირის დაფინანსებით, AA Facility II-ის მხარდაჭერით ხორციელდება და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას ისახავს მიზნად.
ექსპერტთა გუნდი ისეთი კვალიფიციური ექსპერტებითაა დაკომპლექტებული, როგორებიც არიან: პიტერ ლანდი, რომელსაც სატელეკომუნიკაციო სექტორში 30 წელზე მეტი ხნის მუშაობის გამოცდილება აქვს, ის ხელმძღვანელობდა 40 ქვეყანაში 25-ზე მეტ პროექტს ციფრული კონკურენტული ბაზრების, ელექტრონული კომუნიკაციების სექტორისთვის საჭირო პოლიტიკის, სამართლებრივი, ტექნოლოგიური და მარეგულირებელი რეფორმების მიმართულებით.
მრავალი წელი მუშაობდა ევროკომისიაში ეკონომიკური და ტექნიკური ექსპერტის პოზიციაზე, იყო სხვადასხვა ქვეყანაში EBRD-ის გუნდის ლიდერი და მომზადებული აქვს არაერთი კომპლექსური კვლევა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. იგი ასევე ექსპერტად მუშაობდა Cullen International-ში, სადაც ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების საინვესტიციო გარემოს შეფასების პროექტს ახორციელებდა. კიდევ ერთ ექსპერტს, დომაგო იურევიჩს – სატელეკომუნიკაციო სფეროს რეგულირებისა და პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით 17-წლიანი გამოცდილება აქვს, იგი 13 წელზე მეტი ხნის განმავლობაში წამყვან პოზიციებს იკავებდა ხორვატიის საკომუნიკაციო სფეროს მარეგულირებელ ორგანოში (HAKOM) და ევროკავშირის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ჩარჩოს მიხედვით ჩატარებული აქვს 17 ბაზრის ანალიზი. მონაწილეობა აქვს მიღებული ელექტრონული კომუნიკაციების კანონის შემუშავებასა და დანერგვის პროცესში. იყო ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანების (BEREC) მმართველი საბჭოს წევრი და ასევე ვიცე-თავმჯდომარე. მუშაობს ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის საერთაშორისო დონორებით დაფინანსებულ პროექტებში.
რაც შეეხება სტანკო ტასკოვის, მას საკომუნიკაციო სფეროში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით 30-წლიანი გამოცდილება აქვს, არის სლოვენიის საკომუნიკაციო სფეროს მარეგულირებელი ორგანოს (AKOS) ტექნიკური ექსპერტი და IT სამსახურის უფროსი, ასევე BEREC-ის ექსპერტთა ჯგუფის წევრი და TAIEX-ის ექსპერტი. კრისტიან ჟან პიერ ფრანსუა მერი ჰოსეფიდს – ევროკომისიაში კონკურენციის გენერალურ დირექტორატში მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში იკავებდა სექტორის უფროსის და მთავარი ექსპერტის პოზიციებს, ჩართული იყო ახალი დირექტივების დანერგვისა და წევრი ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოებისთვის შესაბამისი სახელმძღვანელოების მომზადებაში. ასევე, იყო Cullen International-ის მთავარი ექსპერტი, აქვს სატელეკომუნიკაციო სექტორში აკადემიური და პრაქტიკული მრავალწლიანი გამოცდილება კვლევით, ანალიტიკურ და ევროდირექტივების დანერგვის კუთხით“, – აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.
კომუნიკაციების კომისიაში ასევე განმარტავენ, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებით, ქართული კანონმდებლობა სრულფასოვნად უნდა დაუახლოვდეს ევროპულს, რისთვისაც აუცილებელია, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის ეფექტიანობის და ქსელის საბითუმო ელემენტებზე დაშვების გაუმჯობესების მიზნით, ქვეყანამ ჩაატაროს ბაზრის ანალიზი და შეაფასოს რეგულირების მიზნებისთვის სავალდებულოდ შესასწავლი ბაზრები.
„აღნიშნული მიზნის მისაღწევად, მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების კანონის ფარგლებში არსებობს რეგულირებადი ბაზრების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაცია და შესაბამისი ბაზრების განსაზღვრის მეთოდოლოგიური წესები, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ ევროპის მარეგულირებელმა ორგანოებმა ბაზრის ანალიზისა და შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს განსაზღვრისთვის. აღნიშნული რეკომენდაციები არსებითია საქართველოსთვის ევროკავშირის სარეგულაციო ჩარჩოსთან დინამიური აპროქსიმაციის მიზნის მისაღწევად, სრულფასოვანი კვლევა კი აღნიშნული მიზნის განხორციელებას უზრუნველყოფს. კვლევის კომპლექსურობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე, პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე მოხდება ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო მომსახურებების საცალო ბაზრის კონკურენტული გარემოს ანალიზი, რომელიც 2023 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. მეორე ეტაპზე დადგინდება მობილურ ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორები და აღნიშნული პროცესი 2023 წლის მეორე ნახევარში დასრულდება“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.