კომუნიკაციების კომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებელი პლატფორმის (EaPeReg) მარეგულირებლების დამოუკიდებლობისა და ფართოზოლოვანი მომსახურების ექსპერტთა ჯგუფის (IRB EWG) წევრებს უმასპინძლა.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ღონისძიება, რომელსაც რუმინეთის, ლატვიის, ლიეტუვას, ჩეხეთის, ირლანდიის, იტალიის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის მარეგულირებელი ორგანოების, ასევე ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების ევროპული ორგანოს (BEREC) წარმომადგენლები ესწრებოდნენ, კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ გახსნა.
ეკატერინე იმედაძემ გახსნით სიტყვაში ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობაზე, ასევე უწყვეტი კავშირის და მომსახურებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის სატელეკომუნიკაციო სექტორის როლზე ისაუბრა.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის მიღწევები, რომლებიც ჩვენი ქსელი პარტნიორი ორგანიზაციებისა და ქსელების მხარდაჭერით განხორციელდა, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ევროკავშირის ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის ინიციატივაა. ჩვენი ქსელი აგრძელებს მთავარ პრიორიტეტებზე მუშაობას, როგორიცაა – პარტნიორობა მდგრადი სატელეკომუნიკაციო სექტორის მხარდასაჭერად, ანგარიშვალდებული ინსტიტუციების დაცვა და სამართლებრივი სახელმწიფოს მხარდაჭერა, ასევე ციფრული ტრანსფორმაცია – ციფრული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად. გასულმა წლებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა სატელეკომუნიკაციო სექტორის კრიტიკული როლი. უწყვეტი კავშირის და მომსახურებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის ასევე ცხადი გახდა, რომ ჰარმონიზებული სარეგულაციო გარემო და სატელეკომუნიკაციო დარგის მარეგულირებელი ძლიერი ინსტიტუციები არსებით და ხშირად განმსაზღვრელ როლს ასრულებენ. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირის ფართოზოლოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის მშენებლობის ხარჯების შემცირების ღონისძიებების შესახებ დირექტივის განახლების საკითხს, აღნიშნული დირექტივა ინფრასტრუქტურაზე დაშვების და ერთიანი საინფორმაციო წერტილის შექმნის წესებს განსაზღვრავს, რაც ჩვენი სატელეკომუნიკაციო სექტორისთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ასევე, ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ციფული რუკის დანერგვა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები, ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსის გაზომვა და ბაზრის ანალიზის განახლებული წესები – ყველა აღნიშნულ პროექტში კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლები ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად აქტიურად არიან ჩართული, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის დარგის ექსპერტიზის გასაძლიერებლად“, – აღნიშნა ეკატერინე იმედაძემ.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრები, რომლის მიზანიც ევროკომისიის მიერ ინიცირებული და დაფინანსებული პროექტის – EU4Digital-ის ტელეკომუნიკაციების წესების, კერძოდ – მარეგულირებლების დამოუკიდებლობის გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შედეგების შეჯამება იყო, სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მათივე ცნობით, შეხვედრების ფარგლებში, ქვეყნებმა IRB EWG-ის 2023 წლის სამუშაო გეგმა შეიმუშავეს და დაამტკიცეს, მათ შორის განახლდა ევროკავშირის პრაქტიკის შესაბამისად ინტერნეტთან წვდომის (IAS) მონიტორინგის კითხვარი და სატელეკომუნიკაციო ბაზრის ანალიზის მეთოდოლოგიები. ასევე განიხილეს ფართოზოლოვანი მომსახურების ტარიფების შემცირების დირექტივასთან დაკავშირებული ციფრული რუქის დანერგვის მიმართულებით განსახორციელებელი სამუშაოები.
სამუშაო შეხვედრებზე კომუნიკაციების კომისიის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა კოლეგებს ბაზრის ანალიზის განახლებული წესების დანერგვასთან და რეგულირებადი ბაზრების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული პროექტის შესახებ გამოცდილება გაუზიარეს.
შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ პარტინიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებელი პლატფორმა (EaPeReg) პორტუგალიის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს (ANACOM) ინიციატივითა და ევროკომისიის დაფინანსებით 2012 წელს შეიქმნა.
პლატფორმის მიზანი ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრების ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზართან დაახლოება და პარტნიორი ქვეყნების ევროინტეგრაციის ხელშეწყობაა. აღნიშნული მიმართულებით პარტნიორი ქვეყნების მარეგულირებელ ორგანოებს მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ როგორც თავად ევროკომისია, ასევე – ევროკავშირის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოები, BEREC, ITU და სხვა შესაბამისი ევროპული და საერთაშორისო ორგანოები.