კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ზუგდიდში შშმ პირები გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ, „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შშმ პირებისთვის ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ სემინარები ჩაატარა. შეხვედრების ფარგლებში ბენეფიციარებმა სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიების, ელფოსტის გამოყენების, გუგლის რუკითა და თარჯიმნით სარგებლობის, ასევე ადგილმდებარეობის გაზიარებისა და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტი ციფრული ინკლუზიის ხელშეწყობაა, რაც გულისხმობს პროგრამაში ისეთი სამიზნე ჯგუფების ჩართულობას, როგორებიც არიან რეგიონში მცხოვრები ქალები, ეთნიკური უმცირესობები და სპეციალური საჭიროებებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. საგულისხმოა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩატარებული შეხვედრების ფარგლებში ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის გამოყენების შესახებ ცნობიერება „ყრუთა კავშირის“ 70-მდე წევრმა აიმაღლა.
„ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ 2022 წლიდან ხორციელდება. პროგრამა წარმატებით დასრულდა ოზურგეთის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ჩოხატაურის, სამტრედიის, ამბროლაურის, ონისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში. დღეის მონაცემებით კი, ციფრული წიგნიერების, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებისა და სახელმწიფო ელექტრონული სერვისებით სარგებლობის საკითხებში 162 სოფლიდან სულ 4 500-ზე მეტი ბენეფიციარია გადამზადებული.
ციფრული მხარდაჭერის პროგრამა პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ხორციელდება. Log-in Georgia საქართველოს 500 000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.