კომუნიკაციების კომისიამ ცაგერსა და ლენტეხში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო
კომუნიკაციების კომისიამ ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, სამიზნე მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეებთან, ადმინისტრაციის თანამშრომლებთან, მერების წარმომადგენლებთან, მოსახლეობასთან და დაინტერესებულ მხარეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა.
პროგრამის ფარგლებში ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების 25 სამიზნე დასახლებაში ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ ჩატარდება სემინარები, სადაც ადგილობრივები სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიების, ელ-ფოსტის გამოყენების, „გუგლის“ რუკითა და თარჯიმნით სარგებლობის, ასევე, ადგილმდებარეობის გაზიარების და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას.
„ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ 2022 წლიდან ხორციელდება. პროგრამა წარმატებით დასრულდა ოზურგეთის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ჩოხატაურის, სამტრედიის, ამბროლაურის, ონისა და აბაშის მუნიციპალიტეტში. ამჟამად სემინარები აქტიურად მიმდინარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამიზნე სოფლებში. დღეის მონაცემით, ციფრული წიგნიერების, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებისა და სახელმწიფო ელექტრონული სერვისებით სარგებლობის საკითხებში სულ 151 სოფლის 4200-ზე მეტი ბენეფიციარი გადამზადდა.
ციფრული მხარდაჭერის პროგრამა პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ხორციელდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.