კომუნიკაციების კომისიამ „ბილაინის“ სატარიფო პაკეტში დარღვევა აღმოაჩინა და კომპანია გააფრთხილა
კომუნიკაციების კომისიამ „ბილაინის“ სატარიფო პაკეტში დარღვევა აღმოაჩინა და კომპანია გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ვიონი საქართველო“ (ბრენდული სახელწოდება „ბილაინი“) წერილობით გააფრთხილა და მომხმარებლებისთვის შეთავაზებული ე.წ. FREEVOLUTION-ის პაკეტის ფარგლებში მობილურ ხმოვან მომსახურებაზე დაწესებული ტარიფის საქართველოს კანონმდებლობისა და კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოთხოვნასთან შესაბამისობაში მოყვანა დაავალდებულა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, კომისიის ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დადასტურდა, რომ ე.წ. FREEVOLUTION-ის პაკეტის ფარგლებში აბონენტებისთვის გაწეული მობილური ხმოვანი მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი ვერ ფარავდა ამ მომსახურებისთვის გაწეულ დანახარჯებს.

„2017 წლის ექვსი თვის პერიოდის შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის თანახმად, მობილურ საბითუმო ხმოვან მომსახურებაზე გადანაწილების შედეგად, FREEVOLUTION-ის საცალო პაკეტებზე მიკუთვნებული დანახარჯები შემოსავლებს დაახლოებით ოთხჯერ აღემატება“, – აცხადებენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

კომისიის ცნობით, აღნიშნული გარემოებით დადასტურდა, რომ შპს „ვიონი საქართველომ“ მომხმარებელთა ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა და მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე მოახდინა, რითაც მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება დაარღვია.