კომუნიკაციების კომისიამ აბაშის მოსახლეობა ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ აბაშაში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, სოფელ გეზათისა და გულუხეთის მოსახლეობა ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაში გადაამზადა. სპეციალისტების დახმარებით, ბენეფიციარებმა ინფორმაციის მოძიების, ელფოსტის შექმნისა და გამოყენების, „გუგლის“ რუკითა და თარჯიმნით სარგებლობის, ასევე ადგილმდებარეობის გაზიარებისა და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
„ციფრული მხარდაჭერის პროგრამა” 2022 წლიდან ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, ოზურგეთის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ჩოხატაურის, სამტრედიის, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების 135 სოფლის 3 500-ზე მეტ მოსახლეს ციფრული წიგნიერების, ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებისა და სახელმწიფო ელ. სერვისებით სარგებლობის შესახებ სემინარები ჩაუტარდათ. ამჟამად კი პროგრამა ზუგდიდისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა” პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ხორციელდება. Log-in Georgia საქართველოს 500 000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.