კომუნიკაციების კომისიამ მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის, 5G-ის დასანერგად აუქციონი უკვე მეორედ გამოაცხადა.
გასულ წელს გამოცხადებულ 5G აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „სელფი მობაილმა“ მიიღო. კომუნიკაციების კომისისთვის ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შესაბამისად, კომისიამ გაითვალისწინა ოპერატორების მომართვა და პირველი აუქციონიდან ერთი წლის შემდეგ კომპანიებს მეორედ მისცა შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა აუქციონში, დანერგონ მე-5 თაობის ტექნოლოგია და მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზონ.
კომუნიკაციების კომისიამ 5G აუქციონი 17 ლოტზე გამოაცხადა და 700, 3410-3710 და 2600 მეგაჰერცი დიაპაზონების სიხშირული ზოლები გამოიტანა. ასევე, გამოცხადდა 4 აუქციონი 800 და 2100 მეგაჰერც სიხშირულ დიაპაზონებში ლიცენზიების მოსაპოვებლად.
კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, გამოცხადდა ორი აუქციონი ორ კომბინირებულ, მათ შორის ერთ კონკრეტულ და ერთ აბსტრაქტულ ლოტებზე, რომლებსაც ერთნაირი დაფარვის ვალდებულებები და ფასი აქვთ. ორივე კომბინირებული ლოტი სიხშირული სპექტრის ორი განსხვავებული, 700 და 3410-3710 მეგაჰერცი, დიაპაზონის ზოლებისგან შედგება და დასახლებული პუნქტების დაფარვის ერთნაირ ვალდებულებას ითვალისწინებს, ამასთან ორივე კომბინირებულ ლოტზე ლიცენზიის მაძიებელს აქვს არჩევის შესაძლებლობა, შეიძინოს ლოტი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) საბითუმო დაშვების ვალდებულებით ან აღნიშნული ვალდებულების გარეშე. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, გასული წლის აუქციონისგან განსხვავებით, ლიცენზიის მაძიებელ კომპანიებს MVNO-ს დაშვების სავალდებულო მოთხოვნა მოეხსნათ, რადგან, ერთი მხრივ, ტელეკომ სექტორის კომპლექსური კვლევის საფუძველზე, ComCom-მა კომპანია „მაგთიკომი“ მნიშნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ოპერატორად ცნო და მას საკუთარ ქსელზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის დაშვების ვალდებულება განუსაზღვრა, ხოლო მეორე მხრივ, აღნიშნული ვალდებულება კომპანია „სელფი მობაილს“ გასული წლის აუქციონის ფარგლებში უკვე გააჩნია. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ აუქციონის პირობებში MVNO-ს დაშვების ვალდებულების განსაზღვრა აუცილებლობად აღარ მიიჩნია. თუმცა 5G ტექნოლოგიის დასანერგად განკუთვნილ ორივე კომბინირებულ ლოტზე კომპანიები MVNO-ს დაშვების ვალდებულების არჩევის შემთხვევაში რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყის საფასურზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ. აღნიშნულის გათვალისწინებით, თითოეული კომბინირებული ლოტის საწყისი საფასური 37 182 672 ლარია.
კომბინირებული ლოტების გარდა, აუქციონი დამატებით ცალკე მდგომ 19 ლოტზე გამოცხადდა. ყველა ლოტის ფასი განსხვავებულია სიხშირული სპექტრის დიაპაზონისა და მოცულობის მიხედვით. ცალკე მდგომ ლოტებზე აუქციონებში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კომპანიას, რომელიც კომბინირებულ ლოტებზე გამოცხადებული აუქციონიდან გამარჯვებულად ერთ-ერთში მაინც გამოცხადდება, ან უკვე ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას კომბინირებულ ლოტებში შემავალ სიხშირეებზე.
ცალკე მდგომი თითოეული ლოტის საწყისი საფასური ასე განისაზღვრა: 700 მჰც სიხშირულ ზოლში – 22 414 632 ლარი, 3410 – 3710 მჰც სიხშირულ ზოლში – 14 768 040 ლარი, 800 მჰც სიხშირულ ზოლში – 26 974 740 ლარი, 2600 მჰც FDD სიხშირულ ზოლში – 5 866 112 ლარი, 2600 მჰც TDD სიხშირულ ზოლში – 2 933 056 ლარი, 2600 მჰც TDD სიხშირულ ზოლში კონკრეტულ ლოტებზე – 1 466 528 ლარი და 2100 მჰც სიხშირულ ზოლში – 15 063 020 ლარი.
აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს დოკუმენტაციის წარდგენა კომუნიკაციების კომისიაში 2024 წლის 23 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ.
რაც შეეხება აუქციონის ჩატარების თარიღებს: კომბინირებულ ლოტებზე N1 და N2 აუქციონებს კომუნიკაციების კომისია 2024 წლის 18 ოქტომბერს, 12:00 საათზე ჩაატარებს. ცალკე მდგომ ლოტებზე N3-დან N8 აუქციონების ჩათვლით – 21 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ასევე ცალკე მდგომ ლოტებზე N9-დან N17 აუქციონების ჩათვლით – 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ხოლო ცალკე მდგომ ლოტებზე N18-დან N21 აუქციონები 23 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება.
5G ტექნოლოგიის დასანერგად კომუნიკაციების კომისიამ აქტიური სამუშაოები ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო. მე-5 თაობის ტექნოლოგიის დანერგვისთვის საჭირო პარამეტრები და პირობები კომუნიკაციების კომისიამ ევროკომისიის გადაწყვეტილებებისა და ევროპელი კოლეგა მარეგულირებლების გამოცდილების გათვალისწინებით განსაზღვრა, ხოლო სიხშირული რესურსის საფასური ე.წ. დიდ ოთხეულში შემავალ კომპანია EY-ის ექსპერტებთან ერთად განსაზღვრა. რაც შეეხება ახალ აუქციონს, აუქციონის საფასურის გაანგარიშებაზე კომუნიკაციების კომისიამ კვლავ კომპანია EY-სთან ითანამშრომლა.
შეგახსენებთ, რომ 5G – ეს არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტტექნოლოგია, რომელიც, უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს დაყოვნებას და, საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორებიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა. რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.
ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.