კომუნიკაციების კომისიამ 5G ტექნოლოგიის დასანერგად აუქციონი გამოაცხადა 
კომუნიკაციების კომისიამ 5G ტექნოლოგიის დასანერგად აუქციონი გამოაცხადა 

კომუნიკაციების კომისიამ მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის, ე.წ. 5G-ის დასანერგად აუქციონი გამოაცხადა. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, მე-5 თაობის ინტერნეტის დასანერგად აუქციონი 24 ლოტზე გამოცხადდა, აუქციონების ფარგლებში მე-5 თაობის ინტერნეტის დასანერგად, დაგეგმილია 700, 3400-3700 და 2600 მეგაჰერცის დიაპაზონების სიხშირული ზოლების გამოტანა.

„ასევე, დამატებით დაგეგმილია 800 და 1800 მეგაჰერცის ზოლის გამოტანა. აუქციონებში მონაწილეობის მიღებაზე ლიცენზიების მაძიებლების განცხადებების მიღება 2023 წლის 12 ივლისის 09:00 საათიდან 28 ივლისის 17:00 საათამდე მოხდება.

რაც შეეხება აუქციონის ჩატარების თარიღებს, №1 და №4 ლოტებზე აუქციონები 2023 წლის 16 აგვისტოს 12:00 საათზე გაიმართება,  №5 და №10  ლოტებზე აუქციონები 2023 წლის 18 აგვისტოს 12:00 საათზე ჩატარდება; №11 – №21 ლოტებზე 2023 წლის 21 აგვისტოს 12:00 საათზე; №22 და №24 ლოტებზე კი 2023 წლის 23 აგვისტოს 12:00 საათზე.

5G – ეს არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტტექნოლოგია, რომელიც, უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს დაყოვნებას და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა. რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.

5G ქსელების აგებისას, ოპერატორებმა უნდა იხელმძღვანელონ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით, რაც ხელს შეუწყობს ქსელის მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას.  ქსელის განვითარებასთან ერთად, კომპანიები, რომლებიც მე-5 თაობის ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირეს მოიპოვებენ, ვალდებულნი იქნებიან, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი – MVNO საკუთარ ქსელზე დაუშვან. კერძოდ, ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება, აწარმოოს მოლაპარაკებები შესაბამის ქსელზე დაშვების ყველა მსურველ ოპერატორთან, სამართლიანი და არადისკრიმინაციული პირობებით. ამასთან, არჩევანის უზრუნველყოფისა და დაინტერესებული პირების მოსაზრებების გათვალისწინებით, კომუნიკაციების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთი ლოტი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის დაშვების ვალდებულების გარეშეც გამოაცხადოს.

კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოცხადდა ოთხი აუქციონი ოთხ კომბინირებულ აბსტრაქტულ ლოტზე, რომლებიც ერთმანეთისგან დაფარვის ვალდებულებებით და ფასით განსხვავდებიან. ოთხივე კომბინირებული აბსტრაქტული ლოტი სიხშირული სპექტრის ორი განსხვავებული დიაპაზონის ზოლებისგან შედგება და დასახლებული პუნქტების დაფარვის სხვადასხვა ვალდებულებას ითვალისწინებს. ამასთან, ამ ოთხიდან ერთი ლოტი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის დაშვების ვალდებულების გარეშე იქნება აუქციონზე გამოტანილი, რაც, შესაბამისად, განაპირობებს რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის განსხვავებულ საწყის საფასურს. პირველი კომბინირებული ლოტის საწყისი საფასური 6 230 000 ლარი იქნება, მე-2 კომბინირებული ლოტის – 2 530 900 ლარი, მე-3 კომბინირებული ლოტის – 2 593 800  ლარი, მე-4 კომბინირებული ლოტის კი – 2 656 700  ლარი.

ოპერატორები, რომლებიც მოიპოვებენ მოცემულ სიხშირეებს, ვალდებულნი იქნებიან, 5G ქსელით ეტაპობრივად დაფარონ საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზები შემდგომი 3-7 წლის განმავლობაში. 2600 და 3600 მეგაჰერცის სიხშირეები უზრუნველყოფს ინტერნეტის სიჩქარის რამდენჯერმე გაზრდას მსხვილ დასახლებულ პუნქტებში, ხოლო 700 და 800 მეგაჰერცის სიხშირეები ძირითადად გამოყენებული იქნება მოსახლეობის ნაკლები სიმჭიდროვის მქონე დიდი სივრცეების დასაფარად.

გარდა ოთხი კომბინირებული ლოტისა, აუქციონი დამატებით კიდევ ცალკე მდგომ 20 ლოტზე გამოცხადდა. ყველა ლოტის ფასი განსხვავებულია სიხშირული სპექტრის დიაპაზონისა და ზოლის სიგანის მიხედვით. ცალკე მდგომ ლოტებზე აუქციონებში მონაწილეობის უფლება ექნება მხოლოდ იმ პირს, რომელიც გამოცხადდება გამარჯვებულად კომბინირებულ ლოტებზე გამოცხადებული აუქციონებიდან ერთ-ერთში მაინც.

ტექნოლოგიების სწრაფი და ეფექტიანი განვითარებისთვის ევროკომისიამ 2020 წელს წევრ ქვეყნებს მისცა რეკომენდაცია, რომ Covid 19-ის პანდემიის დასრულების შემდეგ, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა და მობილური ქსელების განვითარების მიზნით, მიიღონ ეფექტიანი გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფს 5G-სთვის განკუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდას, ლიცენზიების დროულ გაცემას და ფინანსურ შეღავათებს. კომუნიკაციების კომისიამ გაიზიარა ევროკომისიის რეკომენდაცია და შეიმუშავა ცვლილება, რომლის მიხედვითაც რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურისთვის ფასდაკლების დაწესების შესაძლებლობა 5%-20%-დან 80%-მდე გაიზარდა.

5G ტექნოლოგიის დასანერგად კომუნიკაციების კომისიამ აქტიური სამუშაოები ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო. 5G-ის დანერგვისთვის საჭირო პარამეტრები და პირობები კომუნიკაციების კომისიამ ევროკომისიის გადაწყვეტილებების და ევროპელი კოლეგა მარეგულირებლების გამოცდილების გათვალისწინებით განსაზღვრა, ხოლო სიხშირული რესურსის საფასური ე.წ. დიდ ოთხეულში შემავალ კომპანია Ernst & Young-ის ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა.

5G ინტერნეტის აუქციონის პირობებისა და ვალდებულებების  შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება დღეიდან ყველა დაინტერესებულ პირს კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) შეუძლია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.