კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის მეორე ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც მაუწყებლების თვისებრივ და რაოდენობრივ ანალიზს მოიცავს. მონიტორინგი პირველი ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, ექვს საერთო ეროვნულ მაუწყებელზე, საუკეთესო დროს, 19:00 საათიდან 24:00 საათამდე პერიოდში განხორციელდა. თვისებრივი მონიტორინგი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას, „რუსთავი 2“-ს, „ტელეიმედს“, „ტელეკომპანია პირველს“ და „მთავარ არხს“ ჩაუტარდა, რაოდენობრივი მონიტორინგი 50-მდე სამაუწყებლო არხზე ჩატარდა.
კომუნიკაციების კომისიის ცნობით, თვისებრივ მედიამონიტორინგს დაქვემდებარებულ ექვს საერთო ეროვნულ მაუწყებელზე დაკვირვება სამაუწყებლო სტანდარტების, მათ შორის ბალანსის, სიზუსტის, რელევანტურობის, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოტოვების, ასევე სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის, დისკრიმინაციისა და ვიზუალური/აუდიო მანიპულაციის ჭრილში განხორციელდა. მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ საინფორმაციო გამოშვებები ძირითადად დაბალანსებული და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით ყველაზე მეტად საზოგადოებრივ მაუწყებელზე შუქდებოდა, ბალანსი და სტანდარტი დაცული იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და „რუსთავი 2“-ზე. „ტელეიმედის“, „ტვ პირველის“ და „მთავარი არხის“ მაგალითზე ცალსახა იყო მიკერძოება სხვადასხვა პოლიტიკური მხარის მიმართ.
სექტემბრის თვის მსგავსად, ოქტომბერში ჩატარებულმა მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ ტელეკომპანია „იმედი“ მკვეთრად პოზიტიურად აშუქებდა ხელისუფლების, ხოლო უკიდურესად ნეგატიურად ოპოზიციის საქმიანობას. საპირისპირო ხდებოდა ტელეკომპანია „მთავარ არხსა“ და „ტელეკომპანია პირველზე“, აღნიშნული არხები პოზიტიურად აშუქებდნენ ოპოზიციის ქმედებებს, ხოლო მკვეთრად ნეგატიურად ხელისუფლების საქმიანობას. აღნიშნულ ორ არხზე საინფორმაციო გამოშვებები, ისევე როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები, გამოირჩეოდა ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევით და გაჯერებული იყო სიძულვილის ენით. „ტელეკომპანია პირველის“ და „მთავარი არხის“ გადაცემებში ხშირად გვხვდებოდა შეცდომაში შემყვანი, ყალბი ინფორმაცია და ბრალდებები, რომლებიც არ იყო მტკიცებულებებით გამყარებული. „მთავარი არხის“ გადაცემებში ასევე ხშირი იყო უცენზურო გამონათქვამების გამოყენების შემთხვევები. ტელეკომპანია „იმედზე“ რესპონდენტების მხრიდან ისმოდა სიძულვილის ენა, რაზეც წამყვანებს არ ჰქონდათ სათანადო რეაგირება.
რაც შეეხება ძირითად მიგნებებს და ანალიზს, მედიამონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებები გადამოწმებულ და ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას ავრცელებდა, დაცული იყო ეთიკური და პროფესიული სტანდარტები, არ გამოვლენილა დეზინფორმაციისა და მანიპულაციის შემთხვევები, დაცული იყო ასევე ბალანსი, რაც მაყურებელს საშუალებას აძლევდა გაცნობოდა საკითხის გარშემო არსებულ რამდენიმე განსხვავებულ მოსაზრებას. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უზრუნველყო ყველა საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა დებატებში, თუმცა, ზოგიერთმა პარტიამ ამ შესაძლებლობით არ ისარგებლა. საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების წამყვანები არ გამოხატავდნენ მიკერძოებულ დამოკიდებულებას არცერთი პოლიტიკური პარტიის მიმართ. ახალ ამბებში დრო დაეთმო: „ქართული ოცნება“ – 19.2% (პოზიტიური – 33%, ნეგატიური – 17%), საქართველოს მთავრობა – 15.6% (პოზიტიური – 16%, ნეგატიური – 5%), გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 13.6% (პოზიტიური – 13%, ნეგატიური – 26%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 10%–ზე ნაკლები.
მეტწილად დაცული იყო მხარეებისა და მოსაზრებების მრავალფეროვნება და ბალანსი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა სხვადასხვა მხარის პოზიცია მოესმინა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საკითხებზე. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში წამყვანები გამოირჩეოდნენ კრიტიკული შეკითხვებით და ემიჯნებოდნენ დისკრიმინაციულ, სიძულვილის ენის შემცველ გამონათქვამებს. ახალ ამბებში დრო დაეთმო: „ქართული ოცნება“ – 20.7% (პოზიტიური – 41%, ნეგატიური – 26%), გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 13.7% (პოზიტიური – 18%, ნეგატიური – 31%) საქართველოს მთავრობა – 12% (პოზიტიური – 23%, ნეგატიური – 8%), აჭარის მთავრობა – 11% (პოზიტიური – 20%, ნეგატიური – 29%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 10%–ზე ნაკლები.
ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვებებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში პოზიტიური დამოკიდებულება გამოიკვეთა მმართველი პარტიისა და მთავრობის მიმართ, მაუწყებელი ნეგატიური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიების მიმართ. არხზე ხშირ შემთხვევაში არ იყო დაცული ბალანსი. რესპონდენტების მხრიდან ადგილი ჰქონდა სიძულვილის ენის გამოყენებას, რაზეც გადაცემების წამყვანებს რეაგირება არ მოუხდენიათ. მაუწყებლის ეთერში არ გამართულა დებატები. ახალ ამბებში დრო დაეთმო: ქართული ოცნება – 47.4% (პოზიტიური – 64%, ნეგატიური – 1%), საქართველოს მთავრობა – 21.8% (პოზიტიური – 33%, ნეგატიური – 2%), გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 17.5% (პოზიტიური – 0%, ნეგატიური – 84%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 10%–ზე ნაკლები.
„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვებაში საარჩევნო სუბიექტების აქტივობები მეტწილად ნეიტრალურად, ეთიკური სტანდარტებისა და ბალანსის დაცვით შუქდებოდა. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში პარტიებს საშუალება ჰქონდათ წარედგინათ წინასაარჩევნო პროგრამები, წამყვანები სვამდნენ რელევანტურ შეკითხვებს, რაც მაყურებელს შესაძლებლობას აძლევდა მიეღოთ მრავალმხრივი ინფორმაცია როგორც წინასაარჩევნო პროგრამებზე, ასევე მათი განხორციელების გზებსა და რესურსებზე. წამყვანები თითქმის ყოველთვის ემიჯნებოდნენ სტუმრების დისკრიმინაციულ განცხადებებს და კრიტიკულობას ინარჩუნებდნენ როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი გუნდის მიმართ. ახალ ამბებში დრო დაეთმო: ქართული ოცნება – 31.1% (პოზიტიური – 31%, ნეგატიური – 12%), გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 15.8% (პოზიტიური – 17%, ნეგატიური – 17%), საქართველოს მთავრობა – 13.2% (პოზიტიური – 15%, ნეგატიური – 5%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 10%–ზე ნაკლები.
„ტელეკომპანია პირველის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო კამპანია მიკერძოებულად შუქდებოდა. არხი მკვეთრად ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოხატავდა მთავრობის საქმიანობის და „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებისას. წამყვანების მხრიდან ადგილი ჰქონდა საკუთარი შეხედულებების რეალობად წარმოჩენის მცდელობას, რაც ხშირ შემთხვევაში ფაქტებით და მტკიცებულებებით არ იყო გამყარებული. არხი განაგრძობდა შერჩევით მიდგომას არჩევნებში მონაწილე პარტიების წინასაარჩევნო აქტივობის გაშუქებისას, რაც, თავის მხრივ, ხელს უშლიდა ამომრჩეველს ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებაში. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში წამყვანები ღია სიმპათიას გამოხატავდნენ ოპოზიციური კანდიდატების მიმართ. წამყვანის მხრიდან ადგილი ჰქონდა სიძულვილის ენის გამოყენებას. ახალ ამბებში დრო დაეთმო: ქართული ოცნება – 37% (პოზიტიური – 14%, ნეგატიური – 49%), გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 19.6% (პოზიტიური – 6%, ნეგატიური – 22%), საქართველოს მთავრობა – 18.9% (პოზიტიური – 2%, ნეგატიური – 38%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 10%–ზე ნაკლები.
„მთავარი არხის“ ეთერში ადგილი ჰქონდა დაუზუსტებელ, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით მიწოდებული ინფორმაციის გავრცელებას, მანიპულაციას და აგრესიულ მოწოდებებს. ამავე არხის გადაცემებში გვხვდებოდა შეცდომაში შემყვანი, ყალბი ინფორმაცია, ისმოდა მძიმე ბრალდებები, რომლებიც არ იყო გამყარებული მტკიცებულებებით, ჟურნალისტების მხრიდან ხშირი იყო ეთიკური ნორმების დარღვევა, სიძულვილის ენის და უცენზურო ლექსიკის გამოყენების შემთხვევები. გარდა ამისა, ეთერში განთავსებული იყო უხამსობის შემცველი გადაცემები. „მთავარ არხზე“ ხელისუფლების მიმართ გამოთქმული მძიმე ბრალდებები არ იყო გამყარებული მტკიცებულებებით და მხოლოდ ჟურნალისტების ან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების შეფასებებზე იყო დაფუძნებული. წამყვანები და ჟურნალისტები ავლენდნენ მკვეთრად სუბიექტურ და მიკერძოებულ დამოკიდებულებას კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მიმართ. ჟურნალისტები არ ერიდებოდნენ ირონიულ და ნეგატიურ ტონს მმართველი პარტიის, საჯარო მოხელეების და სახელმწიფო თანამდებობის პირების მისამართით. ახალ ამბებში დრო დაეთმო: გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 42.2% (პოზიტიური – 18%, ნეგატიური – 1%), „ქართული ოცნება“ – 28.9% (პოზიტიური – 1%, ნეგატიური – 66%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 10%–ზე ნაკლები.
მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების დიდი ნაწილი „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ უხეშ დარღვევას წარმოადგენს. მათზე რეაგირება და განხილვა, მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში არის შესაძლებელი, ხოლო მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება არც კომუნიკაციების კომისიაში და არც სასამართლოში.
რაც შეეხება უხამსობის გავრცელებას, რასაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი კრძალავს, აღნიშნული სამართალდარღვევა კომისიის მიერ სამართლებრივ რეაგირებას ექვემდებარება. კომისია უახლოეს მომავალში მაუწყებლებისთვის გაავრცელებს განცხადებას და კიდევ ერთხელ განმარტავს უხამსობის შემცველი გადაცემების ან რეკლამის განთავსებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივ სტანდარტებს.
კომუნიკაციების კომისიამ მედიამონიტორინგი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩაატარა. მონიტორები ევროპის საბჭოს მედიაექსპერტმა, ორგანიზაცია „მემო 98“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რასტო კუზელმა გადაამზადა.