კომუნიკაციების კომისია - ტელეკომპანია „ფორმულა“ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებით, ტელეკომპანია „ფორმულა“ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომიიის განცხადებაშია აღნიშნული, გადაცემა „დროებამ“ ინტერნეტის ხელმისაწვდომობის შესახებ ეთერში დეზინფორმაცია გაავრცელა.
„17 მაისს ტელეკომპანია „ფორმულამ“, კერძოდ, გადაცემა „დროებამ“ მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის შესახებ ეთერში დეზინფორმაცია გაავრცელა. გადაცემის წამყვანისა და სიუჟეტის ავტორის თქმით, საქართველოს მოსახლეობის 30%-ს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. ამავე სიუჟეტის ავტორი ამტკიცებდა, რომ სოფლებში – ილიაწმინდა, გუდალეთი და ბოდბისხევი – ინტერნეტი შეყვანილი არ არის. გადაცემაში აღნიშნული ორივე ინფორმაცია ყალბია, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობის 82%-ისთვის ინტერნეტი ხელმისაწვდომია, ხოლო მათ მიერ დასახელებულ სამივე სოფელში მინიმუმ ერთი ინტერნეტ
პროვაიდერი ოპერირებს, რომელიც მოსახლეობას მომსახურებას უწევს. ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე აბონენტების რაოდენობა დინამიურად მზარდია და ბოლო მონაცემებით – 82% შეადგენს, 2013 წელს ინტერნეტთან წვდომა მოსახლეობის მხოლოდ 42%-ს ჰქონდა, დღეს ეს რიცხვი ფაქტობრივად გაორმაგებულია. ასეთი მონაცემების ფონზე, გაუგებარია რას ემსახურება რეალური ფაქტების აღნიშვნის ნაცვლად, დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელება, მაშინ, როცა ეს ინფორმაცია საჯაროა კომუნიკაციების კომისიის ვებ-გვერდზე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მისი ნახვა.
სახელმწიფოსთვის, კომუნიკაციების კომისიისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს იმ ტერიტორიებზე, სადაც მოსახლეობის სიმცირის გამო, კერძო კომპანიები ბიზნეს მოდელიდან გამომდინარე არ ოპერირებენ, უზრუნველყოს ინფრასტრუქტურის განვითარება, რათა ყველა მოსახლეს ჰქონდეს ინტერნეტთან წვდომა და დაცული იყოს მათი კონსტიტუციური უფლება. დღეს ეს რიცხვი არა გადაცემაში დასახელებული 30%, არამედ 18%-ია.
რაც შეეხება ამავე გადაცემაში დასახელებულ სოფლებს, სადაც სიუჟეტის მიხედვით ინტერნეტი ხელმიუწვდომელია, სამივე სოფელში მინიმუმ ერთი ინტერნეტ პროვაიდერია, რომელიც მოსახლეობას მომსახურებას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაცია კომუნიკაციების კომისიის ანალიტიკურ პორტალზეა გამოქვეყნებული.
სოფელ ილიაწმინდაში ინტერნეტ მომსახურებას ორი კომპანია „ნეო ნეტი“ და „სქაიტელი“ ახორციელებს, სოფელ გუდალეთში კომპანია „სქაიტელი“, ხოლო ბოდბისხევში აბონენტებსმომსახურებას„მაგთიკომი“ და „სქაიტელი“ აწვდიან.
აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ გადაცემაში მტკიცებით ფორმაში გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სამწუხაროა, რომ საკვირაო გადაცემა „დროება“ სიცრუის ტირაჟირებას ახდენს და ყალბი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს“, – ნათქვამია კომუნიკაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.