კომუნიკაციების კომისია - შემცირებულია არა სარეკლამო ბაზარი, არამედ ტელევიზიებში შესული თანხა, რაც 2017 წელს „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის მიერ რეკლამის გაყიდვის სისტემურ ცვლილებას უკავშირდება
2017 წელს „ტელეიმედისა“ და „რუსთავი 2“-ის მიერ საკუთარ არხებზე სარეკლამო დროის ექსკლუზიური გაყიდვის უფლების შპს „ინტერ მედიასთვის“ გადაცემამ სარეკლამო ბაზარზე სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების გადანაწილების მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვია, – ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშშია ნათქვამი.
„2017 წლის, ბოლო მონაცემის შესაბამისად, საქართველოში სულ 98 არხი მაუწყებლობს აქედან 21 ეროვნული ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებელია. 2012 წლიდან დღემდე ამ სფეროში პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება და მედია კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა, კერძოდ, მაუწყებლების რაოდენობა 54–დან 98-მდე არის გაზრდილი, ხოლო ეროვნული ღია საეთერო მაუწყებლების რაოდენობა (საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩათვლით) 2012 წლიდან დღემდე 4–დან 21-მდეა გაზრდილი. კერძო ტელემაუწყებლების მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მათი შემოსავლის ძირითად წყაროს სარეკლამო, სასპონსორო, პროდუქტის განთავსებისა და ტელეშოფინგის შემოსავლები წარმოადგენს. აღნიშნული შემოსავლების მიხედვით უნდა გამოიყოს ორი ყველაზე დიდი მედიაჰოლდინგი შპს „ტელეიმედი“ („ტელეკომპანია იმედი“, “GDS”, და „მაესტრო“) და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ („რუსთავი 2“, კომედი, მარაო), რომლებსაც ჯამში საქართველოს სარეკლამო ბაზრის 81% უკავიათ.
2017 წელს აღნიშნულმა ორმა მედიაჰოლდინგმა არსებითად შეცვალა სარეკლამო დროის გაყიდვების სისტემა, კერძოდ, საკუთარ არხებზე სარეკლამო დროის ექსკლუზიური გაყიდვის უფლება შპს „ინტერ მედიას“ გადასცეს. აღნიშნულმა გარიგებამ სარეკლამო ბაზარზე სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების გადანაწილების მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვია“, – ნათქვამია კომისიის ანგარიშში.
როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშშია აღნიშნული, ამ ფაქტმა კომუნიკაციების კომისიაში წარმოდგენილი 2017 წლის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების მონაცემებში გარკვეული უზუსტობა გამოიწვია. აქედან გამომდინარე კომისიამ საკითხის შესწავლა დაიწყო.
„სარეკლამო დროის გაყიდვების სისტემურმა ცვლილებამ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარმოდგენილი 2017 წლის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების მონაცემებში წარმოშვა გარკვეული უზუსტობა. კერძოდ, მას შემდეგ რაც ტელემაუწყებლებმა 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემები წარმოადგინეს და აღნიშნული მონაცემები შესწავლილ იქნა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ, შემდგომი გამოქვეყნების მიზნით, დადგინდა, რომ შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ წარმოდგენილ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების მონაცემებში იყო შეუსაბამობა. კომისიამ კომპანიებისგან მოითხოვა მონაცემების შესწორება, რასაც დაეთანხმა შპს „ტელეიმედი“, ხოლო, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მტკიცებით მონაცემები ზუსტად ასახავდა მის შემოსავლებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ საკითხის შესწავლა და აღმოჩენილი შეუსაბამობის მიზეზის მოკვლევა დაიწყო“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, ინფორმაციის ანალიზმა აჩვენა, რომ შემცირებულია არა სარეკლამო ბაზარი, არამედ ტელევიზიებში შესული თანხები.
„ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების შესწავლის მიზნით, კომისიამ, რეკლამის დამკვეთი მთელი რიგი კომპანიებიდან გამოითხოვა ინფორმაცია გაწეული სარეკლამო ხარჯების შესახებ.
ხოლო ტელეკომპანიებიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია მათ მიერ გაყიდული სარეკლამო დროიდან მიღებული შემოსავლების შესახებ კომპანიების ჭრილში. წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზმა აჩვენა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სარეკლამო სააგენტოები რეკლამის დამკვეთისგან რეკლამის განთავსებისათვის გადახდილი თანხის 27% იტოვებდნენ, ხოლო ზოგ შემთხვევაში ეს თანხა 33%-ს აღწევდა. ამ და სხვა კომპანიებიდან რეკლამაში გადახდილი თანხების შესწავლამ ცხადი გახადა, რომ მთლიანი სარეკლამო შემოსავლები ტელეკომპანიებამდე არ მისულა, შესაბამისად ეს თანხა მათ შემოსავლებში არ აისახა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლამდე სარეკლამო სააგენტოების მომსახურების განაკვეთი 5-7 % პროცენტამდე მერყეობდა. ხოლო იმ სტრუქტურით რომელიც 2017 წელს შეიქმნა, გარდა აღნიშნული 7%-ისა, დამატებით სარეკლამო ბაზრის მთლიანი შემოსავლების არანაკლებ 20% ტელეკომპანიების მიღმა დარჩა. შესაბამისად შემცირებულია არა სარეკლამო ბაზარი, არამედ ტელევიზიებში შესული თანხები“, – ნათქვამია კომისიის ანგარიშში.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2018 წლიდან აღნიშნული სისტემით რეკლამის გაყიდვაზე „ტელეიმედმა“ და „რუსთავი 2-მა“ თავადვე თქვეს უარი და დღეს იგივე სისტემა აღარ მოქმედებს.
„2017 წელს, აღნიშნულ ორ მედია ჰოლდინგს იმავე პრინციპით რომ გაეყიდა რეკლამა როგორც ამას 2016 წელს აკეთებდნენ, ნაცვლად მიღებული 60, 127, 900 მილიონი ლარისა 2017 წელს ისინი 75,159,875 მილიონ ლარს მიიღებდნენ. 15,031,975 მილიონი ლარი, რომელიც უნდა მიეღოთ ტელევიზიებს, მაგრამ ვერ მიიღეს და დარჩა ტელევიზიებს მიღმა, სწორედ იმ ახალი გაყიდვების სტრუქტურით არის გამოწვეული, რაც კომპანიებმა 2017 წელს შექმნეს. აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან აღნიშნული სისტემით რეკლამის გაყიდვაზე, თავადვე თქვეს უარი და დღეს იგივე სისტემა აღარ მოქმედებს“, – ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშში.