კომუნიკაციების კომისია - საზოგადოებრივი მაუწყებელი მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში მოვლენებს მიუკერძოებლად, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით აშუქებდა, სიუჟეტები და გადაცემები ამომრჩევლის ინფორმირებას ემსახურებოდა
კომუნიკაციების კომისია 2021 წლის საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის მესამე ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში მეორე ტურს, 2021 წლის 3 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
კომისიაში აცხადებენ, რომ თვისებრივი მედიამონიტორინგი ექვს საერთო ეროვნულ მაუწყებელს, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას, „რუსთავი 2“-ს, „ტელეიმედს“, „ტელეკომპანია პირველს“ და „მთავარ არხს“ ჩაუტარდა. მონიტორინგი საუკეთესო დროს, კერძოდ 19:00 საათიდან 24:00 საათამდე პერიოდს მოიცავდა, ხოლო საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მონიტორინგი მთელი დღის განმავლობაში ხორციელდებოდა. რაოდენობრივი მედიამონიტორინგი 50-მდე სამაუწყებლო არხზე ჩატარდა. ექვსი საერთო ეროვნული მაუწყებლის თვისებრივი მონიტორინგისას, კომისიის დაკვირვების საგანს შემდეგი საკითხები წარმოადგენდა: ბალანსი, სიზუსტე, რელევანტურობა, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოტოვება, ასევე სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია, დისკრიმინაცია და ვიზუალური/აუდიო მანიპულაცია.
კომუნიკაციების კომისიაში აღნიშნავენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მიმდინარე მოვლენებს მიუკერძოებლად და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით აშუქებდა, მისი სიუჟეტები და გადაცემები ამომრჩევლის ინფორმირებას ემსახურებოდა.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებს ძირითადად დაბალანსებულად და ნეიტრალურად აშუქებდა. დრო ეთმობოდა პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ყველა სუბიექტს, ასევე ყველა მნიშვნელოვან და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ინფორმაციას. ადგილი არ ჰქონია სიძულვილის ენის გამოყენებას, დეზინფორმაციისა და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ კომუნიკაციების კომისია წინასაარჩვენო მედიამონიტორინგს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. კომუნიკაციების კომისიის მედიამონიტორები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ევროპის საბჭოს მედიაექსპერტმა, ორგანიზაცია „მემო 98“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რასტო კუზელმა გადაამზადა.
2021 წლის საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მეორე ტურის მედია მონიტორინგის მესამე ანგარიში სრულად შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.