კომუნიკაციების კომისია საერთაშორისო პარტნიორებს სიძულვილის ენის, ომის პროპაგანდისა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაზე იწვევს.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, საქართველოს კანონმდებლობის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევრო დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი. ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველომ 2019 წლის პირველი ივლისამდე უნდა მიიღოს.
უწყება აღნიშნავს, რომ აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიზნით, კომუნიკაციების კომისია ევროკომისიისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პაკეტზე ორი წელი მუშაობდა. კერძოდ, სამუშაო პროცესში ჩართული იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან ერთად, როგორიცაა Grant Thornton , Analysys Mason და Pierstone. ასევე, ევროკომისიის დაფინანსებით, კანონპროექტებში ცვლილებების პაკეტზე კომისიასთან ერთად მუშაობდა ბელგიელი მედიაექსპერტი ჟან ფრანსუა ფურნემონი, რომელიც წლების განმავლობაში, იკავებდა ბელგიის მედია მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარის და მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) თავმჯდომარის თანამდებობებს. ამის პარალელურად, ევროკომისიისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, კომისიის თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩაატარეს ევროპის საბჭოს მიერ მიწვეულმა მედიაექსპერტებმა, ელენა მანდიჩმა და დამირ ჰაიდუკმა. ტრენინგებზე განხილულ იქნა არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის, თვითრეგულირებისა და რეგულირების საკითხები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მაგალითებზე.
კომუნიკაციების კომისია განმარტავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დღეს ისეთი სენსიტიური და მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის სიძულვილის ენა, ომის პროპაგანდა და არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენა, მოქმედი კანონმდებლობით, არ ითვალისწინებს მაუწყებლებისთვის რეგულირების ეფექტიან მექანიზმებს და ასეთი საკითხები მხოლოდ მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოებში განიხილება. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მიხედვით, მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრება დაუშვებელია, რაც ევროკომისიის დაფინანსებით მოწვეული ექსპერტების დასკვნით, შეუსაბამოა ევრო დირექტივასთან და კანონში ცვლილებებს საჭიროებს.
ევროპელი ექსპერტების მიერ კომუნიკაციების კომისიისთვის შეთავაზებული იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხების თვითრეგულირებიდან მთლიანად ამოღება და საკითხის სრულად კომისიისთვის დაქვემდებარება.
„აღნიშნულმა რეკომენდაციებმა ასახვა ჰპოვა კომისიის მიერ მომზადებულ პროექტში, რომელიც კომენტარებისთვის გაეგზავნათ, როგორც მაუწყებლებს, ისე მედიის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.
მაუწყებლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებით, ასევე თავად თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, კომისიამ გადაწყვიტა პირველ ეტაპზე გასაჩივრების უფლება კვლავ მაუწყებელთა თვითრეგულირების ორგანოში დარჩენილიყო, ხოლო კომისიაში ან სასამართლოში საკითხის გასაჩივრება მხოლოდ მას შემდეგ გამხდარიყო შესაძლებელი, რაც დაინტერესებული პირი თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით იქნებოდა უკმაყოფილო.
თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაზრდის თავად თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობას და მაუწყებლები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საჩივრებს. მოგეხსენებათ, დღეს თვითრეგულირების მექანიზმი არაეფექტიანად მუშაობას და ამას თავად არასამთავრობო სექტორიც ადასტურებს. კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი იქნება სასამართლოში“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყება აღნიშნავს, რომ მაუწყებლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს თავად ჰქონდათ შესაძლებლობა, კანონპროექტზე მუშაობის პროცესში შეხვედროდნენ და გასაუბრებოდნენ ევროპელ ექსპერტებს. აღნიშნულის მიზნით, კომისიაში გაიმართა რამდენიმე შეხვედრა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში ჩართულ ექსპერტებთან. შეხვედრებზე არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს ექსპერტებმა განუმარტეს, რომ თვითრეგულირების მექანიზმი შესაძლებელია, წარმოადგენდეს აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევროპული დირექტივის აღსრულების დამატებით საშუალებას, მაგრამ ამ მექანიზმის არსებობა ვერ ჩაანაცვლებს სახელმწიფოს ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს ევრო დირექტივიდან. გარდა ამისა, ექსპერტებმა მხარეებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ არ არსებობს ევროპაში ქვეყანა, სადაც სიძულვილის ენა, ომის პროპაგანდა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენა მხოლოდ თვითრეგულირების ორგანოში განიხილება. საზოგადოების ინტერესების დაცვის მიზნით, ყველა ევროპულ ქვეყანაში ის აუცილებლად საჩივრდება შესაბამის მარეგულირებელ უწყებასა და სასამართლოში.
„ორწლიანი აქტიური მუშაობის შედეგად, კომუნიკაციების კომისიამ ევროპელ ექსპერტებთან ერთად მომზადებული კანონპროექტი საკანონდებლო წინადადების სახით, 2018 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტში შეიტანა. საქართველოს პარლამენტის მიერ კომისიის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა ამ დრომდე არ მომხდარა და ის საკანონდებლო ინიციატივად არ გადაუქცევიათ. ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, კი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველომ 2019 წლის პირველ ივლისამდე უნდა მიიღოს.
კომისიის მიერ პარლამენტში კანონპროექტის შეტანის შემდეგ, არასამთავრობო სექტორმა დააყენა საკითხი, რომ თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომისიაში გასაჩივრება მაუწყებლებისთვის რისკებს შეიცავდა. კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი რისკის შემცველი არ არის და ცვლილების მიზანი საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაა. მიუხედავად ამისა, კომისიამ არასამთავრობო სექტორს ევროკომისიასთან წერილის გაგზავნა შესთავაზა, რათა დაზუსტდეს, ხომ არ შეუქმნის აღნიშნული ცვლილებების განუხორციელებლობა საფრთხეს ასოცირების ხელშეკრულებას. არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა ორ თვეზე მეტია, რაც შედგა, თუმცა კომისიას მათგან დამატებითი ინფორმაცია, ან კომენტარი ამ დრომდე არ მიუღია. თავის მხრივ, კომისიამ აღნიშნული საკითხის კიდევ ერთხელ დაზუსტების მიზნით, წერილობით მიმართა ევროკომისიას და ელოდება მათ პასუხს“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში და აღნიშნულია, რომ კომისიისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, დაიცვას ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ქვეყნის ევროპულ განვითარებაზე იზრუნოს.
ამასთან, უწყების ცნობით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთანაა დაკავშირებული – ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპაა“ (CREATIVE EUROPE), რომელიც ევროპული კულტურის, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალური სექტორების მხარდასაჭერად შეიქმნა.
2014 წელს, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შემდეგ, საქართველო ჩაერთო პროგრამაში კულტურის ქვეპროგრამის მიმართულებით. რაც შეეხება მედია ქვეპროგრამას, აუდიოვიზუალური დირექტივის არქონის გამო, საქართველო ნაწილობრივ არის ჩართული მასში და არსებული 14 დაფინანსების სქემიდან (კონკურსიდან) ქართველ აპლიკანტებს საშუალება აქვთ მხოლოდ ოთხ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. კომისიის ინფორმაციით, მიუხედავად აღნიშნული შეზღუდვისა, პროგრამაში ჩართვის შემდეგ ქართველ ბენეფიციარებს უკვე აქვთ 280 000 ევროს ოდენობით თანხა მიღებული.
უწყება ხაზს უსვამს, რომ აღნიშნულ კონკურსებში ქართველი აპლიკანტების მონაწილეობა, უმნიშვნელოვანეს 10 კომპონენტში სწორედ იმიტომ იზღუდება, რომ „მაუწყებლობის კანონში“ ცვლილებები არ შეტანილა. აღნიშნულის გამო, ქართული აუდიოვიზუალური სექტორის წარმომადგენლებს შეზღუდული აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა იმ კონკურსებში, რომლის ბიუჯეტიც 1,50 მილიარდი ევროა.
„აღნიშნული შესაძლებლობა ინდუსტრიის განვითარებისა და ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციის მოზიდვის თვალსაზრისით, ძალზედ მნიშვნელოვანია“, – აცხადებს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.