კომუნიკაციების კომისია - საარჩევნო სუბიექტების გაშუქებისას „მოამბის“ მიერ დაცული იყო მიუკერძოებლობა, ბალანსი, ნეიტრალური ტონი
კომუნიკაციების კომისია 2021 წლის საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2021 წლის 3 აგვისტო-2 სექტემბრის პერიოდს მოიცავს.
როგორც კომუნიკაციის ეროვნული კომისიის მედიამონიტორინგის ანგარიშშია აღნიშნული, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ საინფორმაციო გამოშვება „მოამბეში“ აშუქებდა ყველა ძირითადი საარჩევნო სუბიექტის აქტივობას. დაცული იყო ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები: მიუკერძოებლობა, ბალანსი, ნეიტრალური ტონი.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მაუწყებელზე შუქდებოდა როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების აქტივობები. ადგილი არ ჰქონია ვიზუალურ და აუდიომანიპულაციებს.
ახალ ამბებში დრო ეთმობოდათ: საქართველოს მთავრობა – 23.7% (პოზიტიური – 11%, ნეგატიური – 2%), „ქართული ოცნება“ – 21.9% (პოზიტიური – 25%, ნეგატიური – 12%), „ნაციონალური მოძრაობა“ – 9.3% (პოზიტიური – 5%, ნეგატიური – 5%), „მესამე ძალა“ – 7.5% (პოზიტიური – 33%, ნეგატიური – 5%), „ლელო“ – 7% (პოზიტიური – 27%, ნეგატიური – 1%), „გახარია – საქართველოსთვის“ – 6.6% (პოზიტიური – 10%, ნეგატიური – 12%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 5%-ზე ნაკლები.
თვისებრივი მედიამონიტორინგი ექვს საერთო ეროვნულ მაუწყებელს – საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხს“, საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიას“, „რუსთავი 2“-ს, „ტელეიმედს“, ტელეკომპანია „პირველს“ და „მთავარ არხს“ ჩაუტარდა.
მონიტორინგი საუკეთესო დროს, კერძოდ 19:00 საათიდან 24:00 საათამდე პერიოდს მოიცავდა, ხოლო საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მონიტორინგი მთელი დღის განმავლობაში ხორციელდებოდა. რაოდენობრივი მედიამონიტორინგი 50-მდე სამაუწყებლო არხზე ჩატარდა.
ექვსი საერთო ეროვნული მაუწყებლის თვისებრივი მონიტორინგისას, კომისიის დაკვირვების საგანს შემდეგი საკითხები წარმოადგენდა: ბალანსი, სიზუსტე, რელევანტურობა, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოტოვება, ასევე, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია, დისკრიმინაცია და ვიზუალური/აუდიო მანიპულაცია.
მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ პლურალისტურ და მრავალფეროვან წინასაარჩევნო მედიაგარემოში მედიის ნაწილი პოლარიზებულია, ნაწილი კი დეზინფორმაციის გავრცელებით, მანიპულაციითა და მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობითაა დაკავებული.
კომუნიკაციების კომისიის მედიამონიტორები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ევროპის საბჭოს მედიაექსპერტმა, ორგანიზაცია „მემო 98“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რასტო კუზელმა გადაამზადა.