კომუნიკაციების კომისია მოუწოდებს მაუწყებლებს, არ განათავსონ ეთერში ადამიანების ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი პროგრამები და დაიცვან კანონმდებლობის მოთხოვნები, – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო თვისებრივმა მედიამონიტორინგმა, რომელიც პირველი სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე პერიოდში ექვს საერთო ეროვნულ მაუწყებელზე განხორციელდა, აჩვენა, რომ პლურალისტულ და მრავალფეროვან წინასაარჩევნო მედიაგარემოში მედიის ნაწილი პოლარიზებული და მიკერძოებულია, ნაწილი კი სიძულვილის ენით და უცენზურო გამონათქვამებითაა გაჯერებული.
„ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც წინასაარჩევნო მონიტორინგმა გამოავლინა ეთერში უხამსობის შემცველი გადაცემებია, რომელიც ლახავს ადამიანის ძირითად უფლებებს.
მედიამონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ „მთავარი არხის“ ეთერში გადაცემის წამყვანებისა და ჟურნალისტების მხრიდან ხშირად ისმოდა უხამსი გამონათქვამები, კერძოდ, 20 სექტემბრის გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ გადაცემის წამყვანისა და არხის დამფუძნებლის ნიკა გვარამიას მხრიდან ადგილი ჰქონდა უხამსობისა და სიძულვილის ენის ტირაჟირებას. 27 სექტემბრის ამავე გადაცემაში კი რამდენჯერმე დედის გინების შემთხვევებიც დაფიქსირდა. უხამსობის შემცველი გადაცემები ამავე არხზე ოქტომბერშიც გაგრძელდა, 25 ოქტომბერს გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ კადრში აჩვენა შარვალჩახდილი თოჯინა, გამოიყენა უხამსობის შემცველი გამონათქვამები და სიძულვილის ენა.
სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამები საანგარიშო პერიოდში შეიმჩნეოდა ასევე ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში, ოქტომბრის მონიტორინგის დროს სიძულვილის ენა ისმოდა ტელეკომპანია „იმედიდანაც“, აღნიშნულ არხზე სიძულვილის ენას რესპონდენტები იყენებდნენ, თუმცა, წამყვანები არ ემიჯნებოდნენ და ეთერში რეაგირებას არ ახდენდნენ.
კანონმდებლობისა და ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისია მოუწოდებს ყველა მაუწყებელს არ განათავსონ ეთერში უხამსობის შემცველი პროგრამები, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისია იმოქმედებს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში და ამ გზით დაიცავს საზოგადოებას ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი სამაუწყებლო პროგრამებით გამოწვეული ზიანისაგან.
შეგახსენებთ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი კრძალავს მაუწყებლის მიერ ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსებას, რომელიც შეიცავს უხამსობას. მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მიღებიდან 2009 წლამდე აღნიშნული მოთხოვნის დარღვევაზე რეაგირება შესაძლებელი იყო მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში და ამ საკითხის განხილვა არ დაიშვებოდა სასამართლოსა და კომუნიკაციების კომისიაში. აღნიშნული საკანონმდებლო შეზღუდვა ძალადაკარგულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც გამოხატვა კვეთს ზღვარს გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა ადამიანის უფლების დარღვევას შორის. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს მაუწყებლის მიერ დარღვეული უფლების აღდგენა და მაყურებლისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა“. საკონსტიტუციო სასამართლომ არა მხოლოდ კონსტიტუციურად მიიჩნია ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი პროგრამების განთავსებაზე სამართლებრივი რეაგირება, არამედ – დაადგინა სტანდარტი, რომ ასეთ შემთხვევებში უნდა არსებობდეს მაუწყებლის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი შესაძლებლობა. იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის თითოეული გადაწყვეტილება გადის ეფექტურ სასამართლო კონტროლს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტი თანაბრად ვრცელდება საკითხის როგორც სასამართლოში, ისე – კომუნიკაციების კომისიაში განხილვაზე. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიას, როგორც ქვეყანაში მედია პოლიტიკის განმსაზღვრელ უწყებას, არა მხოლოდ უფლებამოსილება, არამედ – ვალდებულება აქვს მოახდინოს რეაგირება ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის განთავსებაზე.
იმისთვის, რომ მაუწყებლებისთვის ცხადი იყოს რა მიიჩნევა კანონის თანახმად უხამსობად, კომუნიკაციების კომისია მნიშვნელოვნად მიიჩნევს განმარტოს კანონით დადგენილი კრიტერიუმები. კანონის თანახმად, უხამსობა განმარტებულია, როგორც ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არა აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება. ამასთანავე, აკრძალულია უხამსობის შემცველი ისეთი პროგრამისა და რეკლამის განთავსება, რომელიც ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითადი უფლებების შემლახავია. შესაბამისად, საეთერო პროგრამების განთავსების მართლზომიერება უნდა შეფასდეს შემდეგი კრიტერიუმების გამოყენებით: შეიცავს თუ არა პროგრამა ან რეკლამა ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს; აქვს თუ არა პროგრამას ან რეკლამას საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება; ილახება თუ არა პროგრამის ან რეკლამის განთავსებით ადამიანის ან მოქალაქის ღირსება და ძირითადი უფლებები.
სწორედ დასახელებული კრიტერიუმების გამოყენებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეფასდება განეკუთვნება თუ არა გადაცემებში გასული მასალა უხამსობას და აკრძალულია თუ არა მისი ეთერში განთავსება. ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: გადაცემის ეთერში განთავსების დრო და კონტექსტი, მისი განთავსებით გამოწვეული ზიანის ან ზიანის საფრთხის ხარისხი, პოტენციური აუდიტორიის მოცულობა, შემადგენლობა, მოლოდინი და აუდიტორიაზე გადაცემის ნახვით/მოსმენით გამოწვეული ეფექტი“,- აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.