კომუნიკაციების კომისია მომხმარებლებისთვის ინტერნეტის ხარისხის გაზომვის მექანიზმს აამუშავებს
კომუნიკაციების კომისია მომხმარებლებისთვის ინტერნეტის ხარისხის გაზომვის მექანიზმს აამუშავებს

ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე უმძიმესი მდგომარეობაა, მომხმარებელს მიეწოდება დაბალი ხარისხის ინტერნეტი და ფასები არ არის ადეკვატური, – ეს განცხადება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა, სადაც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტმომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების დამტკიცების თაობაზე ზეპირი მოსმენა გამართა.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმი ამუშავდება, არც ერთი მომხმარებელი აღარ იქნება უკმაყოფილო და სწორედ ეს არის კომისიის მიზანი და ამოცანა.

„კომისია უკვე 10 თვეა მნიშვნელოვან პროცესს ახორციელებს. პროექტი, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ ინტერნეტ ხარისხის კონტროლის მექანიზმს ქმნის. ამ პროექტის მეშვეობით, მომხმარებელი მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს ინტერნეტის ხარისხს. კერძოდ, მას ექნება ინსტრუმენტი, რომლითაც რეგულარულად გაზომავს და შეადარებს, რამდენად აკმაყოფილებს მასსა და პროვაიდერ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინტერნეტის სიჩქარე რეალურ სიჩქარეს. აპლიკაციის ჩამოტვირთვა, რომლითაც ინტერნეტის ხარისხს გაზომავენ, კომისიის ვებგვერდიდან იქნება შესაძლებელი და მომხმარებელი დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეძლებს ინტერნეტის ხარისხის კონტროლს თავად“, – განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა.

მნიშვნელოვანია, რომ სისტემის დანერგვის შემდეგ, კომისია 24-საათიან რეჟიმში დააკვირდება პროცესს და მომხმარებლების ინტერესები სრულად იქნება დაცული. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, სისტემის ამუშავების შედეგად, მომხმარებელს აღარ დასჭირდება კომისიისთვის საჩივრით მიმართვა, თუმცა სურვილის შემთხვევაში, ამის უფლება აქვთ.

„კომისია მომხმარებლის მომართვის გარეშეც დააკვირდება პროცესს და სადაც აღმოაჩენს, რომ პროვაიდერი უხარისხო ინტერნეტს აწვდის აბონენტს, დაიწყებს ოპერატორის მიმართ კანონით გათვალისწინებული სანქციების გამოყენებას, მათ შორის ფინანსურ სანქციებსაც გამოიყენებს. ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმის ამუშავების შემდეგ ისე დავალაგებთ ბაზარს, რომ პრაქტიკულად აღარ იქნება უკმაყოფილო მომხმარებელი“, – განცხადა კახა ბექაურმა.

ის ფაქტი, რომ ინტერნეტის ხარისხი პრობლემაა, ერთის მხრივ, უკმაყოფილო აბონენტების რაოდენობით და მეორე მხრივ, იმ ხელშეკრულებებით დასტურდება, რომელიც პროვაიდერებსა და აბონენტებს შორის არის დადებული.

„არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემი დღის წესრიგის მთავარი საკითხია, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე რაც შეიძლება სწრაფად, ეფექტურად და სწორად შევცვალოთ სიტუაცია იმისთვის, რომ გავაჯანსაღოთ მდგომარეობა და ფასები და ხარისხი იყოს ადეკვატური“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.