კომუნიკაციების კომისია - მობილური მომსახურებებიდან მიღებული შემოსავალი 2023-ში „მაგთიკომს“ - 42 მილიონით, „სილქნეტს“ - 35 მილიონით, ხოლო „სელფი მობაილს“ 14 მილიონით გაეზარდა
კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელთან შედარებით მობილური ოპერატორებისთვის საცალო მომსახურებებიდან მიღებული შემოსავალი 92 მილიონი ლარით გაიზარდა და 788 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 49% – „მაგთიკომმა“, 35% – „სილქნეტმა“, ხოლო 16% – „სელფი მობაილმა“ შეადგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
კომისიის ცნობით, „მაგთიკომმა“ გასულ წელთან შედარებით მობილური მომსახურებებიდან 42 მილიონი ლარით მეტი მიიღო და სულ 385 მილიონი შეადგინა. „სილქნეტისთვის“ შემოსავალი 35 მილიონით გაიზარდა და 275 მილიონს გაუტოლდა. „სელფი მობაილმა“ კი 2022 წელთან შედარებით 14 მილიონი ლარით მეტი მიიღო და შემოსავალმა, ჯამში, 127 მილიონ ლარს მიაღწია.
„2023 წლის მონაცემების მიხედვით, თვის განმავლობაში ერთი აბონენტისგან მიღებული საშუალო შემოსავალი (ARPU) წინა წელთან შედარებით 8%-ით გაიზარდა და 12.8 ლარი შეადგინა. ოპერატორების ჭრილში კი 2023 წელს „მაგთიკომისთვის“ ARPU-ს მაჩვენებელი 0.5 ლარით გაიზარდა და 14.6 ლარი გახდა. „სილქნეტისთვის“ იგივე მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით 1.2 ლარით გაიზარდა და 13.3 ლარს გაუტოლდა. რაც შეეხება „სელფი მობაილს“, მისთვის ARPU ასევე 1.2 ლარით გაიზარდა და 8.9 ლარი შეადგინა. „ჰალოს“ შემთხვევაში კი 1.5 ლარით გაიზარდა და 8.5-ს გაუტოლდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.