კომუნიკაციების კომისია მიმართავს „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, უარყოს კომისიის წევრის რეპუტაციის შემლახველი ცრუ ინფორმაცია
კომუნიკაციების კომისია მიმართავს „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, უარყოს კომისიის წევრის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცრუ ინფორმაცია, – ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაშია ნათქვამი.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, კომისიის წევრის, მერაბ ქათამაძის საგანმანათლებლო ხარისხი უთანაბრდება ელექტრონული კომუნიკაციების მაგისტრის აკადემიურ ხარისხს.
„შესაბამისად, კომუნიკაციების ეროვნული კომისია მოითხოვს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დაუყონებლივ უარყოს მის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომისიის წევრის მერაბ ქათამაძის დიპლომი ვერ აკმაყოფილებს თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. აღნიშნული ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2018 წლის 25 იანვარს გაავრცელა“, – აღნიშნულია კომისიის განცხადებაში.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, კომისიამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მიმართა და აღნიშნული საკითხის დეტალური შესწავლა მოითხოვა.
„საპასუხოდ 2018 წლის 15 თებერვალს კომისიამ მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის წერილი, სადაც ნათქვამია რომ: „მერაბ ქათამაძის დიპლომი, სპეციალობით „მართვის ავტომატიზებული სისტემები“, ინჟინერ-სისტემოტექნიკოსის კვალიფიკაციით უთანაბრდება მაგისტრის დიპლომს ელექტრონული კომუნიკაციების მიმართულებით“.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 18.3-ის თანახმად, „თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით“.
შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მიმართავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დაუყონებლივ უარყოს გავრცელებული ინფორმაცია.
ამავე კოდექსის მუხლი 18.4-ის თანახმად, „პირს, რომლის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობებიც გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, უფლება აქვს გამოაქვეყნოს საპასუხო ცნობები ინფორმაციის იმავე საშუალებებში“, – აღნიშნულია კომისიის განცხადებაში.
კომისია ასევე თხოვნით მიმართავს მასობრივი ინფორმაციის იმ საშუალებებს, რომლებმაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია გამოაქვეყნეს, საპასუხო ცნობის სახით კომისიის აღნიშნული განცხადება გაავრცელონ.