კომუნიკაციების კომისია - მცირე და საშუალო ზომის ოპერატორებს ინტერნეტის საბითუმო მომსახურების ხარჯი 7-8-ჯერ შეუმცირდებათ
კომუნიკაციების კომისია - მცირე და საშუალო ზომის ოპერატორებს ინტერნეტის საბითუმო მომსახურების ხარჯი 7-8-ჯერ შეუმცირდებათ

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ახალი რეგულაციები მიიღო, რომელიც მცირე და საშუალო ზომის ოპერატორებს ინტერნეტის საბითუმო მომსახურების ხარჯს 7-8-ჯერ შეუმცირებს. კომისიის ინფორმაციით, ამის მიზანი ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფაა.

კომისიის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა და საბოლოო ჯამში მომხმარებლებისთვის, მოქალაქეებისთვის უკეთესი ხარისხის ინტერნეტს უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

„ახალი რეგულაციების მიხედვით, მცირე და საშუალო ზომის ოპერატორებს საშუალება ექნებათ, მომხმარებელს ზუსტად ისეთი მომსახურება მიაწოდონ, როგორსაც მსხვილი ინტერნეტ ოპერატორები აწვდიან, რაც ბაზარზე მაღალი კონკურენციის შექმნის წინაპირობაა და ხელს შეუწყობს, როგორც არსებული მცირე და საშუალო ოპერატორების განვითარებას, ისე ახალი ოპერატორების გაჩენას“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.

ამასთან, მსხვილ ოპერატორებს, რომლებსაც ძვირადღირებული ოპტიკური ქსელი აქვთ, ვალდებულება ექნებათ, საკუთარ ინფრასტრუქტურაზე მცირე და საშუალო ოპერატორებს დაშვება მისცენ, რის შედეგადაც მცირე ზომის ოპერატორები შეძლებენ თბილისში ნაყიდი გლობალური ინტერნეტი რეგიონში გაყიდონ.

„კომისიის მიერ მიღებული რეგულაციები უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის, რომლებიც უკვე ოპერირებენ რეგიონებში, საბითუმო ხარჯის შემცირებას, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას მომხმარებლებს, უფრო ხელმისაწვდომი და უკეთესი პირობები შესთავაზონ. ხოლო მეორე მხრივ, ამავე ოპერატორებს ეძლევათ შესაძლებლობა, შევიდნენ ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, სადაც დღეს მხოლოდ ერთი მსხვილი ოპერატორია. ყოველივე ეს ჩვენს მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას, არჩევანი რამდენიმე მომწოდებელს შორის, მისთვის უკეთესი პირობების გათვალისწინებით გააკეთოს“, – აღნიშნავენ კომუნიკაციების კომისიაში.

ამასთან, მსხვილი ოპერატორების ინფრასტრუქტურაზე დაშვება უზრუნველყოფილი იქნება დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულებით, რაც ბაზარზე მონოპოლიების არარსებობასა და კონკურენციის ზრდას შეუწყობს ხელს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ხარჯზე ორიენტირებული ტარიფები  Pricewaterhouse Coopers Advisory, s. r. o.-ის სლოვაკეთის ოფისთან ერთად დაადგინა. შესაბამისად, კომისიის მიერ დადგენილი ტარიფი საბითუმო ბაზარზე ყველა ოპერატორისთვის ერთნაირი იქნება, რაც კონკურენციის გაზრდის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.