კომუნიკაციების კომისია - კომისიის მიერ კანონით დაკისრებული ფუნქციის შესრულება დაუშვებელია შეფასდეს, როგორც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უსაფუძვლოს უწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, რომ მაუწყებლებისთვის კომისიის მიერ გაგზავნილ წერილებში საუბარი იყო პოლიტიკური რეკლამის შინაარსის განხილვაზე და რომ თითქოს, კომისიამ იმსჯელა კონკრეტულ რგოლებზე და სამაუწყებლო კომპანიებს დირექტივები გაუგზავნა. საუბარია წინასაარჩევნო-პოლიტიკური რეკლამაზე.
აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაციების ეროვნული კომისია მედიამონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშში ამახვილებს ყურადღებას.
უწყება აღნიშნავს, რომ კომისიის მხრიდან არაერთი განმარტების მიუხედავად, მედიამონიტორინგის საანგარიშო პერიოდში, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელეს, რომელიც წინასაარჩევნო-პოლიტიკური რეკლამას ეხებოდა, რომლის თაობაზეც კომისიას „ტვ პირველმა“, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ტელეკომპანია „იმედმა“ მიმართეს და ვიდეო რგოლის კანონმდებლობასთნ შესაბამისობისა და მისი უფასო წინასაარჩევნო-პოლიტიკური რეკლამის სახით განთავსებასთან დაკავშირებით კომისიის პოზიციას ითხოვდნენ.
კომისია აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებას კიდევ ერთხელ აკეთებს და აცხადებს, რომ რეკლამის, რომლის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს წინასაარჩევნო-პოლიტიკური რეკლამა, საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით. აკრძალულია არასათანადო და არაეთიკური რეკლამის განთავსება. მაუწყებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან და ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. მაუწყებელმა, როგორც რეკლამის გამავრცელებელმა, არ უნდა დაუშვას არასათანადო და არაეთიკური რეკლამის ეთერში განთავსება.
„სწორედ აღნიშნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და მათთან წარდგენილი ვიდეო რგოლების უფასო წინასაარჩევნო-პოლიტიკური რეკლამის სახით განთავსებასთან დაკავშირებით ითხოვდნენ მაუწყებლები კომისიის პოზიციას. აქედან გამომდინარე, კომისიის მიერ 25 სექტემბერს მაუწყებლებისთვის გაგზავნილი წერილი იყო პასუხი მაუწყებლების შეკითხვაზე, რომელიც ტელეკომპანიებს სამაუწყებლო წინასაარჩევნო-პოლიტიკურ რეკლამებთან მიმართებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ რეგულაციებს ახსენებდა.
შესაბამისად, უსაფუძვლო იყო არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება იმის თაობაზე, რომ მაუწყებლებისთვის გაგზავნილ წერილებში საუბარი იყო პოლიტიკური რეკლამის შინაარსის განხილვაზე, თითქოს კომისიამ უკვე იმსჯელა კონკრეტულ რგოლებთან დაკავშირებით და გარკვეული სახის დირექტივებიც გაუგზავნა სამაუწყებლო კომპანიებს“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების განმარტებით, კომისიის მიერ გაკეთებული განცხადებები და მაუწყებლებთან გაგზავნილი წერილი ემსახურება იმ მიზანს, რომ წინასაარჩევნო მედია გარემო იყოს თავისუფალი, პლურალისტული და არ ჰქონდეს ადგილი ვინმეს მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას.
„ამასთან, მათი მიზანია რეგულირების სფეროში შემავალი სუბიექტების მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის პრევენცია, რაც ვერ შეფასდება როგორც ტელევიზიებისა და ოპოზიციური პარტიების ქმედებების შეზღუდვა, მით უმეტეს, საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად.
მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია განიხილოს საკითხი. შესაბამისად, მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო რეკლამებთან დაკავშირებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეგულაციების დარღვევის საკითხის განხილვა არავითარ შემთხვევაში არ სცდება კომისიის უფლებამოსილების ფარგლებს“, – ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ კომისიის მიერ კანონით მასზე დაკისრებული ფუნქციის შესრულება დაუშვებელია შეფასდეს, როგორც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე.
კომუნიკაციების ეროვნული კომისია აგრძელებს 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგს და საანგარიშო პერიოდში წამოჭრილი საკითხებიდან გამომდინარე, მაუწყებლებს კიდევ ერთხელ მიმართავს რეკომენდაციით და მოუწოდებს მათ, იხელმძღვანელონ „საარჩევნო კოდექსით“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ და შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულებები.
კომუნიკაციების კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2018 წლის 29 სექტემბრიდან 29 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდის შესახებ დეტალურ ინფორმაციას კი, კომისია მედიამონიტორინგის მესამე ანგარიშის ფარგლებში წარადგენს.