კომუნიკაციების კომისიამ ივნისისთვის შემაჯამებელი ComCom დაიჯესტი გამოაქვეყნა. დაიჯესტში ივნისში კომისიის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციაა თავმოყრილი.
„ComCom დაიჯესტით ტელეკომ სფეროთი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის ანგარიშს, სადაც კომისიის გასული წლის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციაა განთავსებული. ამას გარდა, გასული თვის დაიჯესტში დაინტერსებულ პირებს შეუძლიათ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარესთან ვრცელ ინტერვიუს გაეცნონ.
ივნისის დაიჯესტში ასევე ნახავთ უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მაუწყებლებმა კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ აუცილებლად უნდა შეასრულონ.
ComCom დაიჯესტით საზოგადოება ასევე მიიღებს ინფორმაციას, რა სანქცია გამოიყენა კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ობიექტივის“ მისამართით ძალადობის კადრების ჩვენების გამო.
ივნისის დაიჯესტში ასევე შესულია ინფორმაცია კომუნიკაციების კომისიის მიერ მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, რომლის ფარგლებშიც კომისიამ 10 სკოლის პედაგოგს „გამარჯობა რუბის“ სწავლების მეთოდი გააცნო. 1 000-მდე მოსწავლე კი ყალბი ინფორმაციის ამოცნობის მიზნით გადაამზადა.
ComCom დაიჯესტში ასევე შეგიძლიათ ნახოთ, როგორია ინტერნეტის მოხმარების სტატისტიკა და როგორ გაიზარდა 2016 წლიდან 2020 წლამდე ინტერნეტის ტრაფიკი. რამდენი ათასი აბონენტი იყენებს ფიქსირებულ და მობილურ ინტერნეტს, რამდენი მკითხველი ჰყავს www.mediacritic.ge-ს და რამდენმა ადამიანმა მიიღო ცოდნა მედიააკადემიის ონლაინ მასტერკლასით. ყველა ამ თემაზე დეტალური ინფორმაციის მიღება კომუნიკაციების კომისიის ივნისის დაიჯესტში შეგიძლიათ“, – აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.