კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, ComCom-ის დაკვეთით, ბრიტანულმა კვლევითმა ორგანიზაციამ, Strategy Analytics-მა საქართველოში სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების შედარებითი ანალიზი, ე.წ. ბენჩმარკინგის კვლევა განახორციელა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში არსებული ტელეკომ მომსახურებების ფასები ევროპის 23 ქვეყნის ანალოგიური მომსახურების საშუალო ფასებს შეადარა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
„ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში მაღალი მოცულობისა და სიჩქარის მომსახურებების ფასები ევროპული ქვეყნების საშუალოს მნიშვნელოვნად აღემატება, რაც ქართველი აბონენტებისთვის შემზღუდველია. ხოლო დაბალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებები როგორც მობილურ, ისე ფიქსირებულ ბაზარზე კვლევაში შემავალი ევროპული ქვეყნების ანალოგიური ან უფრო იაფი.
კვლევაზე დაყრდნობით, მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებებზე მაღალი ფასების არსებობა აბონენტებისთვის განსაკუთრებით პრობლემურია, ვინაიდან, 2023 წლის მონაცემებით, მობილური ინტერნეტის მოხმარება მკვეთრად მზარდია და საშუალოდ 14 გბ-ს აღწევს, რაც, 5G ინტერნეტის დანერგვასთან ერთად, კიდევ უფრო გაიზრდება. ანალოგიური მდგომარეობაა ფიქსირებულ ინტერნეტ მომსახურებებზე, ვინაიდან მომხმარებლების მიერ ონლაინში გატარებული დრო და სხვადასხვა მომსახურების ონლაინ მიღებაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, შესაბამისად, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ მომსახურებების როლი აბონენტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ხოლო მასზე დაწესებული მაღალი ფასები – ქართველი აბონენტებისთვის შემზღუდველი.
„ვიდრე საქართველოში შენარჩუნდება მაღალსიჩქარიანი და მაღალი მოცულობის ინტერნეტის მაღალი ფასები, მომხმარებლები კვლავ იძულებული იქნებიან, აირჩიონ დაბალსიჩქარიანი და დაბალი მოცულობის მომსახურებები ან გადაიხადონ მნიშვნელოვნად მაღალი, პრემიუმ ფასები და ასე მიიღონ მაღალი სიჩქარე/მოცულობა“, – აღნიშნულია კვლევის დასკვნაში.
ამასთან, კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ მობილურ მომსახურებებზე ფიზიკური პირი აბონენტებისთვის ისეთი დაბალი მოცულობის პაკეტები, მაგალითად, როგორიცაა 5 გბ. და ულიმიტო წუთები – ევროპულთან შედარებით 1%-ით ძვირია, 5 გბ. ინტერნეტი და 577 წუთის ფასი კი – 23%-ით ძვირი. მაღალი მოცულობის პაკეტებზე საქართველოში ფასები უფრო მაღალია, კერძოდ, 10 გბ. ინტერნეტი და 1795 წუთი 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით 35%-ით უფრო ძვირია, ხოლო 20 გბ. ინტერნეტი და ულიმიტო წუთები 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით 36%-ით უფრო ძვირია.
რაც შეეხება იურიდიულ პირ აბონენტებს, მათთვის 10 გბ. ინტერნეტი და 1795 წუთი 1%-ით უფრო მაღალია, ვიდრე კვლევაში შემავალ ქვეყნებში არსებული ანალოგიური პაკეტების საშუალო ფასი. ხოლო 5 გბ. ინტერნეტი და 577 წუთი საქართველოში 32%-ით უფრო იაფია. 20 გბ. ინტერნეტისა და ულიმიტო წუთების ფასი კი 36%-ით უფრო მეტია, ვიდრე ევროპის ქვეყნების საშუალო ფასი ანალოგიურ პაკეტებზე.
ანალიზის მიხედვით კი, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე მდგომარეობა ასეთია: ფიზიკური პირი აბონენტებისთვის ოპტიკური ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე მოხმარებადი, 25 მბ/წმ-იანი ინტერნეტ პაკეტის ფასი ევროპის ქვეყნების ანალოგიური მომსახურებების საშუალო ფასზე თბილისში – 5%-ით, ხოლო რეგიონებში 17%-ით იაფია. მაღალი სიჩქარის ფიქსირებულ ინტერნეტზე კი საქართველოში ფასები ევროპულთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია. კერძოდ, 100 მბ/წმ-იანი ინტერნეტ პაკეტის ფასი ევროპის ქვეყნების ანალოგიური მომსახურებების საშუალო ფასზე 136%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნებში ოჯახების საშუალოდ 55% – 100 მბ/წმ-იანი ან უფრო მაღალი ინტერნეტ სიჩქარით სარგებლობს, მათგან 19 ქვეყანაში ოჯახების 40%-ზე მეტი აღნიშნული სიჩქარის ინტერნეტს იყენებს, საქართველოში კი აბონენტების მხოლოდ 1%-ს – 4 ათას აბონენტს აქვს 100 მბ/წმ ან უფრო მაღალი სიჩქარის ინტერნეტი, ვინაიდან მისი ფასი, ევროპის ქვეყნებთან შედარებით კრიტიკულად მაღალია.
რაც შეეხება იურიდიულ პირ აბონენტებს, მათთვის ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურება უფრო ძვირია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. კერძოდ, იურიდიული პირებისთვის 10 მბ/წმ-იანი ოპტიკური ინტერნეტის ფასი, საქართველოში ევროპის 23 ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე 189%-ით მაღალია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მაღალი მოცულობის ოპტიკური ინტერნეტი, სტანდარტულ იურიდიულ შეთავაზებებში ხელმისაწვდომი საერთოდ არ არის.
კომბინირებული შეთავაზებების შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომ ნახევარ მილიონზე მეტი თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები ოჯახისთვის, ინტერნეტისა და ტელევიზიის პაკეტებიდან ყველაზე იაფი პაკეტების ღირებულება ევროპულ საშუალო მაჩვენებელზე დაბალია, რასაც რეგიონების შემთხვევაში ოპერატორების მიერ შეთავაზებული სააქციო ფასები განაპირობებს. უფრო კონკრეტულად, კომბინირებულ შეთავაზებებში აბონენტებისთვის ტელევიზიის 20 არხისა და ოპტიკური 25 მბ/წმ-იანი სიჩქარის ინტერნეტპაკეტის ღირებულება, 24 ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს რეგიონებში – 43%-ით, ხოლო თბილისში 24%-ით უფრო ნაკლებია. ტელევიზიის 30 არხისა და 100 მბ/წმ-იანი მაღალი სიჩქარის ოპტიკური ინტერნეტპაკეტი კი, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს რეგიონებში – 35%-ით, ხოლო თბილისში 30%-ით ძვირია.
კვლევა საერთაშორისოდ აღიარებული და აპრობირებული მეთოდოლოგიის შესაბამისად განხორციელდა, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ არის შემუშავებული. სწორედ ამ მეთოდოლოგიის მიხედვით, ევროპის ქვეყნებთან შესადარებლად გამოყენებულია ორი მსხვილი ოპერატორის – „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ მომსახურებების ფასები, ვინაიდან აღნიშნული კომპანიები ფლობენ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის 70%-ზე მეტს და მომხმარებელს სთავაზობენ როგორც ფიქსირებულ, ასევე მობილურ ინტერნეტს. კვლევაში გამოყენებული მონაცემები კი, 2023 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოში არსებული შეთავაზებებიდან ყველაზე დაბალ ფასიანს ასახავს. ფასები მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტის (PPP) შესაბამისად არის დაანგარიშებული და წარმოდგენილია დოლარში.
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ ბაზრის კომპლექსური კვლევის ფარგლებში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო და 13 ივნისს კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, რათა ქართველმა მომხმარებლებმა, ევროპელი მომხმარებლების მსგავსად, მაღალი მოცულობისა და სიჩქარის მომსახურებებით სარგებლობა ხელმისაწვდომ ფასად შეძლონ“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.