ფიქსირებულ ინტერნეტბაზარზე არსებული არაკონკურენტული გარემოს გამოსწორების მიზნით საჭირო რეგულაციებსა და სპეციფიკური ვალდებულებების შესახებ კომუნიკაციების კომისიამ საჯარო სხდომაზე იმსჯელა. საკითხის განხილვა ტელეკომ სექტორის კომპლექსური კვლევის ანალიზის შედეგების განხილვას დაეთმო, რომელსაც, კომპანიებთან ერთად, დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. ფიქსირებულ ინტერნეტბაზარზე წინასწარი რეგულირებისა და სპეციფიკური ვალდებულებების შესახებ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომუნიკაციების კომისია, ეს სწორედ ზეპირი მოსმენის შემდეგ 8 აგვისტოს გახდება ცნობილი.
კომუნიკაციების კომისიამ საკითხის განხილვისას ევროკავშირის ექსპერტების მიერ შეთავაზებულ იმ რამდენიმე სპეციფიკურ ვალდებულებაზე იმსჯელეს, რომელიც, ექსპერტების დასკვნით, „მაგთიკომს“ უნდა დაეკისროს.
ევროკავშირის ექსპერტების რეკომენდაციით ერთ-ერთ ასეთ ვალდებულებას წარმოადგენს სატელეკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებზე დაშვება, რომლის შემთხვევაშიც „მაგთიკომი“ ვალდებული იქნება, საკუთარი ქსელი სხვა ოპერატორებს შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ მიაქირავოს და მისცეს შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი საინვესტიციო დანახარჯების გარეშე შემოვიდნენ ბაზარზე ან თავიანთი მოქმედების არეალი გააფართოვონ და დიდ ოპერატორებს მეტად ეფექტიანი კონკურენცია გაუწიონ.
გარდა დაშვების ვალდებულებისა, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორს უნდა დაეკისროს სატარიფო რეგულირების ვალდებულება, რომელიც, ქსელზე დაშვების შემთხვევაში, ქირის ფასის ზედა ზღვრის დადგენას გულისხმობს. კერძოდ, კომუნიკაციების კომისია საერთაშორისო პრაქტიკის – „LRIC მეთოდოლოგიის“ შესაბამისად განსაზღვრავს ქსელზე დაშვების მაქსიმალურ ფასს, რაც სამართლიანი ტარიფის დადგენას უზრუნველყოფს და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორს არ მისცემს შესაძლებლობას, დაშვების მსურველ კომპანიას არასამართლიანი ფასი შესთავაზოს.
ასევე, ანალიზის მიხედვით, „მაგთიკომს“ უნდა დაეკისროს გამჭვირვალობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულებები, რაც კომპანიის მხრიდან, დეტალური ტექნიკური თუ კომერციული პირობებით, ქსელზე დაშვების მოწვევის ოფერტის გამოქვეყნებას გულისხმობს. აღნიშნული დაშვების მსურველ კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, დაშვების პირობებთან დაკავშირებით წინასწარ ჰქონდეთ ინფორმაცია, ხოლო დისკრიმინაციის აკრძალვა მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს დაავალდებულებს, რომ დაშვების მსურველ ყველა კომპანიას არადისკრიმინაციულად მიუდგეს და სამართლიანი პირობები შესთავაზოს.
კვლევის ევროკავშირის ექსპერტების მიერ „მაგთიკომისთვის“ განსაზღვრული კიდევ ერთი ვალდებულება კომუნიკაციების კომისიისთვის დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის წარმოდგენაა, რათა კომისიამ განახორციელოს მუდმივი მონიტორინგი და არ დაუშვას, რომ „მაგთიკომმა“, რომელსაც მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი სატელეკომუნიკაციო სერვისის შეთავაზება შეუძლია, ერთი პროდუქტის ფასი მეორის ხარჯზე შეამციროს (ჯვარედინი სუბსიდირება) და კონკურენტს ბაზრიდან გასვლა აიძულოს.
იმისათვის, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორისთვის განსაზღვრული ვალდებულებები ყოფილიყო პროპორციული და სამართლიანი, ევროკავშირის ექსპერტებმა საქართველოს დასახლებები კონკურენტულობის მიხედვით დააჯგუფეს და თითოეულ ჯგუფზე „მაგთიკომისთვის“ განსხვავებული ვალდებულებები დაადგინეს. კერძოდ, კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ფიქსირებულ ოპტიკურ ფართოზოლოვან ქსელში ჩართული 994 დასახლებიდან 981-ში უკიდურესად არაკონკურენტული გარემოა, შესაბამისად, ექსპერტებმა ამ დასახლებებიდან ყველა იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც „მაგთიკომია“ წარმოდგენილი, მისთვის ზემოთ ჩამოთვლილი ხუთივე ვალდებულება საჭიროდ მიიჩნიეს. კვლევის ფარგლებში ოთხი დასახლება ეფექტიანი კონკურენციისკენ მიდრეკილ დასახლებებად შეფასდა, შესაბამისად, ექსპერტებმა აღნიშნულ არეალებში შედარებით მსუბუქი ვალდებულებები განსაზღვრეს, რაც დაშვების საფასურის ზედა ზღვრის დაწესებას მხოლოდ ქსელის ცენტრალურ ნაწილზე ითვალისწინებს. ხოლო იმ ცხრა დასახლებაში, სადაც კონკურენტული გარემო დაიდენტიფიცირდა, ექსპერტებმა მინიმალური რეგულაცია – მხოლოდ დაშვების ვალდებულება მიიჩნიეს მიზანშეწონილად.
კომპლექსური კვლევის ექსპერტების დასკვნით, აღნიშნული ვალდებულებების ამოქმედება ხელს შეუწყობს ფიქსირებულ ინტერნეტბაზარზე ახალი მოთამაშეების გაჩენას, არსებული მოთამაშეების გაძლიერებას და კონკურენტული გარემოს შექმნას, რაც ქართველ აბონენტებს, ევროპელი აბონენტების მსგავსად, მრავალფეროვანი არჩევანითა და ხელსაყრელი პირობებით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.
აღსანიშნავია, რომ ფიქსირებულ ქსელზე დაშვების რეგულირების პრაქტიკა ევროპის არაერთ ქვეყანაში აქტიურად მოქმედებს, მათ შორის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ბელგია, გერმანია, ხორვატია, იტალია, ესპანეთი, ნორვეგია, დანია და სხვა.
შეგახსენებთ, რომ, კომპლექსურ კვლევაზე დაყრდნობით, კომუნიკაციების კომისიამ 2024 წლის 25 ივლისს გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, მობილური კომუნიკაციების ბაზარზე „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად განსაზღვრა და კომპანიას, ბაზრის გახსნისა და კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით, სამი სხვადასხვა სახის დაშვების ვალდებულება განუსაზღვრა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს კომუნიკაციების კომისიამ, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility II“) პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომელიც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, ასევე მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება. კომპლექსური კვლევა ორი წლის განმალობაში მიმდინარეობდა, ამ მასშტაბის კვლევა კი აქამდე ქართულ ტელეკომ ბაზარზე არ ჩატარებულა. ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ასევე რევიზია TAIEX-ის (ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) ექსპერტებმა გაუწიეს.
ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.