კომუნიკაციების კომისია და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ
კომუნიკაციების კომისია და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ციფრული საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და მედიაწიგნიერების მიმართულებებით ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები საერთაშორისოდ აღიარებულ სასწავლო და სამეცნიერო რესურსებს გააზიარებენ, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით, სტუდენტებისა და ლექტორებისთვის სასწავლო სესიები, სემინარები და კონფერენციები ჩატარდება. სტუდენტების ჩართულობით, ასევე განხორციელდება ერთობლივი პროექტები როგორც თანამედროვე ციფრული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ისე მედიაწიგნიერების მიმართულებებით.
მათივე ცნობით, მედიაწიგნიერების განვითარების ფარგლებში, კომუნიკაციების კომისია და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ციფრული მედია პროდუქტებისა და მედია სტარტაპ პროექტების კუთხითაც ითანამშრომლებენ, სადაც მნიშვნელოვან როლს ასევე კომუნიკაციების კომისიის მედიალაბი შეასრულებს. შეთანხმების მიხედვით, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი კომისიის მიერ შემუშავებულ მედიაწიგნიერების ჰაბში ჩაერთვება.
მხარეებს შორის თანამშრომლობის შეთანხმება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კომუნიკაციების კომისიის წევრების, ეკატერინე იმედაძის, ნათია კუკულაძისა და კომისიის წარმომადგენლების სტუმრობისას შედგა, რომლებსაც რექტორმა, ალექსანდრე თევზაძემ და ფონდი „ქართუს“ პროექტების დირექტორმა, ვახტანგ ცაგარელმა უმასპინძლეს.
უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა სტუმრებს ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს და სასწავლო პროგრამა წარუდგინეს. ვიზიტის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლები აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს შეხვდნენ და კომისიის საქმიანობა, სატელეკომუნიკაციო და მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები და გეგმები გააცნეს. მედიალაბის ხელმძღვანელმა შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს მედია სტარტაპების მიმართულებით მედიააკადემიის პროექტები წარუდგინა.