კომუნიკაციების კომისია და მედიააკადემია გერმანიის მთავარ მარეგულირებელ კომისიას მასპინძლობენ
მედიააკადემიის კიდევ უფრო ეფექტურად მუშაობის მიზნით, კომუნიკაციების კომისიას ოთხდღიანი ვიზიტით გერმანიის მარეგულირებელი კომისიის (BLM) პრეზიდენტი ზიგფრიდ შნაიდერი და კომისიის წარმომადგენლები სტუმრობენ.
„კომუნიკაციების კომისია ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებას სწორედ გერმანიის მარეგულირებელ კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მათი გამოცდილების გაზიარებით ახორციელებს. მედიააკადემია უკვე ერთი წელია, BLM-ის მსგავსად, აქტიურად ატარებს სემინარებსა და ვორქშოპებს ჟურნალისტებისთვის. მოკლევადიან სემინარებზე მედიააკადემია აქცენტს მულტიმედიური პროდუქტების შექმნასა და სოციალურ პლატფორმებზე ამბის თხრობის ეფექტიან ფორმებზე აკეთებს“, – აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.
მათივე ცნობით, რამდენიმე წელია, BLM-ს მედიასკოლის ბაზაზე რადიოსიხშირე აქვს, რომელიც 24-საათიან სრულფასოვან რადიომაუწყებლობას ახორციელებს. მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკული სწავლების მიზნით, გერმანიის მედიასკოლის სტუდენტები „ბავარია ტვ“-სთვის ერთსაათიან სატელევიზიო გადაცემას ამზადებენ, რომელიც ეთერში ყოველდღე გადის. სწორედ რადიოგადაცემებისა და სატელევიზიო პროდუქტის მზადების პროცესში ასწავლიან BLM-ის მედიასკოლაში სტუდენტებს. ანალოგიურად, პრაქტიკულ საქმიანობაზე დაყრდნობითა და გერმანული წარმატებული მოდელის მიხედვით მუშაობს მედიააკადემია.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, მედიაკადემიაში გერმანული მოდელის დანერგვის მიზნით, კომისია ორჯერ იმყოფებოდა BLM-ში ვიზიტით, დღეს კი უკვე განხორციელებული პროექტების შეჯამება და სამომავლო გეგმების დასახვა საქართველოში კვლავ BLM-ის წარმომადგენლებთან ერთად მოხდა. გერმანელი კოლეგების შეფასებით, მედიააკადემიამ უმოკლეს დროში დიდ წარმატებას მიაღწია და ეფექტური შედეგი დადო. ვიზიტის მიზანია, ერთობლივად განისაზღვროს სამომავლო პროექტები, რომ კიდევ უფრო წარმატებულად გაგრძელდეს მედიააკადემიის საქმიანობა.
„ჩვენი გერმანელი კოლეგების მიდგომაში მთავარი პრაქტიკულ საქმიანობაზე დამყარებული სწავლების მოდელია, რომელიც ყველაზე ეფექტურია. ბევრი ევროპული განვითარებული ქვეყნის პრაქტიკის შესწავლის შემდეგ, სწორედ ზემოთ აღნიშნული მიდგომის გამო შევარჩიეთ გერმანული მოდელი და დავაფუძნეთ მედიააკადემია, რომელიც მედიის წარმომადგენლების, ჟურნალისტების, მედიამენეჯერებისა და პროდიუსერების კვალიფიკაციის ამაღლებას უწყობს ხელს“, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა.
კომუნიკაციების კომისიის ცნობით, მედიააკადემია აქტიურად მუშაობს ტელე და რადიო სტუდიების ტექნიკურ აღჭურვაზე. ტექნიკური სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება, რის შემდეგაც მოკლევადიანი სემინარების პარალელურად დაიწყება 3-6 თვიანი პრაქტიკული სასწავლო კურსები მედიის წარმომადგენლებისთვის.