კომუნიკაციების კომისია ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაში აღნიშნული, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მენეჯმენტის მხრიდან ხდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, თითქოსდა კომისია „მთავარი არხის“ დაჯარიმების შესახებ 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.
„სიცრუეა არხის ხელმღვანელობის განცხადება, რომ კომისიას არ ჰქონდა არხის დაჯარიმების სამართლებრივი საფუძველი, კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია „მთავარი არხის“ წარმომადგენლების მხრიდან კომისიის წევრებისა და თანამშრომლების მისამართით გაკეთებული მუქარის, ბულინგის შემცველი განცხადებები. აშკარაა, რომ აღნიშნული ემსახურება კომისიის თანამშრომლების პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას და კომისიის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაციას. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი მცდელობები კანონის აღსრულებას ხელს ვერ შეუშლის და კომისიის გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ მოახდენს.
„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით, აკრძალულია არასათანადო ზემოქმედება, არასამართლებრივი ჩარევა ან სხვა სახის ზემოქმედება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, კომისიის წევრის ან აპარატის თანამშრომლის გეგმის, რწმენის, გადაწყვეტილების, მოქმედების ან უმოქმედობის მიმართ. არასათანადო ზემოქმედება და არასამართლებრივი ჩარევა განიმარტება, როგორც ზემოქმედება, ხელის შეშლა ან სხვაგვარი ზეგავლენა ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში მიმდინარე განხილვების შედეგებსა და გადაწყვეტილებებზე იმ მიზნით, რომ პირმა სარგებელი ან განსაკუთრებული მოპყრობა მიიღოს.
„მთავარი არხის“ წარმომადგენლების ქმედებები და განცხადებები შეიცავს კანონით აკრძალული არასათანადო ზემოქმედების მცდელობის ნიშნებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია. კომუნიკაციების კომისიის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც „მთავარ არხს“ პასუხისმგებლობა დაეკისრა, სრულად შეესაბამება არა მხოლოდ ქართულ კანონმდებლობას, არამედ საერთაშორისო პრაქტიკას, მათ შორის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს.
მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, ყურადღებით დააკვირდნენ აღნიშნულ პროცესს. კომისიის ყველა გადაწყვეტილება ღია და ხელმისაწვდომია, თუმცა, კომისია მზად, არის ყველა დაინტერესებულ მხარეს დამატებით მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია გამოყენებული სტანდარტებისა და სამართლებრივი საფუძვლების შესახებ. ამასთან, მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, არ დატოვონ ყურადღების მიღმა ის მასობრივი მუქარის და ბულინგის მცდელობის ფაქტები, რომელსაც „მთავარი არხის“ მენეჯმენტი დამოუკიდებელი რეგულატორის და მისი თანამშრომლების მისამართით ეწევა.
შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ ეთერში პოლიტიკური რეკლამა განთავსდა კანონმდებლობის დარღვევით იმ პერიოდში, როდესაც მაუწყებელს პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსების უფლება არ ჰქონდა. მოქმედი კანონმდებლობა დეტალურად ადგენს მაუწყებლების ეთერში პოლიტიკური რეკლამების განთავსების დროსა და პირობებს. კერძოდ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტი და 761-ე მუხლის 21-ე პუნქტები ზუსტად განსაზღვრავს წინასაარჩევნო პერიოდის დროის რომელ შუალედში არის დასაშვები პოლიტიკური რეკლამის განთავსება. აღნიშნულის თანახმად, პოლიტიკური რეკლამის განთავსება შესაძლებელია მხოლოდ წინაასაარჩევნო პერიოდში. კერძოდ, რეკლამის განთავსება უნდა დაიწყოს კენჭისყრამდე 50 დღით ადრე და დასრულდეს კენჭისყრამდე რვა საათით ადრე, ხოლო მეორე ტურის შემთხვევაში – მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან და უნდა დასრულდეს კენჭისყრამდე რვა საათით ადრე. აღნიშნული ჩანაწერი, ძალიან მკაფიოდ და ცალსახად ადგენს, როდის და რამდენი დღით შეიძლება, მაუწყებელმა ეთერში პოლიტიკური რეკლამა განათავსოს.
კომისიამ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაადგინა, რომ „მთავარმა არხმა“ პოლიტიკური რეკლამა არაწინასაარჩევნო პერიოდში განათავსა. აღსანიშნავია, რომ „მთავარმა არხმა“ ანალოგიური დარღვევა უკვე მეოთხედ ჩაიდინა, ხოლო ბოლო ერთი წლის განმავლობაში ორჯერ. სწორედ ამიტომ, კანონის თანახმად, მაუწყებელს ჯარიმის სახით მისი წლიური შემოსავლის ერთი პროცენტი დაეკისრა. პოლიტიკური რეკლამის განმარტებისას კომისია ხელმძღვანელობს ქართული კანონმდებლობითა და საერთაშორისო პრაქტიკით, რამდენადაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკისა და საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.
საერთაშორისო პრაქტიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ირლანდია, სადაც სრულად აკრძალულია პოლიტიკური რეკლამა. ირლანდიის მედიის მარეგულირებელმა (BAI) 2016 წელს განიხილა BAI-მ Irish Wind Energy Association (IWEA)-ის რეკლამა და მიიჩნია, რომ ის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა. კერძოდ, რეკლამა შეეხებოდა ქარის ენერგიის დადებით მხარეებს და მისი უფრო აქტიურად ათვისების მნიშვნელობას ირლანდიის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. მარეგულირებელმა – BAI-მ მიუთითა, რომ ვიდეორგოლი მიზნად ისახავდა ირლანდიაში არსებული ენერგოპოლიტიკის კრიტიკას, რეკლამის განთავსება ხდებოდა საერთო არჩევნებამდე „მოსამზადებელ“ პერიოდში და მიუხედავად იმისა, რომ ქარის ენერგია და გადამუშავებული ენერგია (განახლებადი) კომერციული საკითხებია, არჩევნების წინა პერიოდში აღნიშნული საკითხები საჯარო განხილვის საგანი იყო და პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა. ევროპის მასშტაბით არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც ადგილობრივმა მარეგულირებელმა, მათ შორის არაპოლიტიკური პარტიების მიერ მომზადებული პოლიტიკური რეკლამის გავრცელება აკრძალა. მათ შორის, არსებობს ისეთებიც, რომლებმაც შემდგომში სტრასბურგის სასამართლოს კონტროლი გაიარა. სწორედ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ აღიარებული მიზნების მიღწევას ემსახურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები და მისი განმარტება, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური რეკლამა არაწინასაარჩევნო პერიოდში იკრძალება, ხოლო წინასაარჩევნო პერიოდში – ექვემდებარება სათანადო რეგულირებას, რომელიც აბალანსებს ძლიერი ჯგუფების მხრიდან ნეგატიურ გავლენას, იცავს თავისუფალ პლურალისტურ დებატს და აღკვეთს საზოგადოების პოლარიზებას.
დაბოლოს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კანონმდებლობით სრულად არის დაცული. კომუნიკაციების კომისია, როგორც ქვეყანაში მედიის დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო, იყო და იქნება სიტყვის თავისუფლების გარანტი და ვერც ერთი პოლიტიზირებული, დაუსაბუთებელი განცხადება, ბრალდება, მუქარა ამ ფაქტს ვერ შეცვლის. სწორედ სახელმწიფო ლიბერალური მედიაპოლიტიკის შედეგად გახდა თავად „მთავარი არხი“ ხუთ დღეში ეროვნული მაუწყებელი“, – აღნიშნულია განცხადებაში.