კომუნიკაციების კომისია ეხმაურება „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ 2024 წლის 14 თებერვალს გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომელშიც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების მიზანშეწონილობაა შეფასებული და ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომუნიკაციების კომისია მიესალმება კომისიის საქმიანობის, მომწესრიგებელი კანონმდებლობისა თუ კანონპროექტების განხილვაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას და თავადაც აქტიურად ყოფილა და არის კანონმდებლობისა თუ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან კერძო-საჯარო დიალოგის ორგანიზატორიც თუ მონაწილეც. თუმცა, მათივე განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა არ გაავრცელონ საზოგადოების შეცდომაში შემყვანი, ფაქტობრივად არაზუსტი ინფორმაცია და დაუსაბუთებელი შეფასებები კანონმდებლობისა და კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის შესახებ.
„სამწუხაროა, რომ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გამოქვეყნებული დოკუმენტი შეიცავს არაერთ ფაქტობრივ უზუსტობას და მეტწილად ეყრდნობა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის დასკვნას „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე, ისე, რომ მხედველობაში არ იღებს დასკვნის შემდგომ კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესახებ ევროკომისიის ანგარიშებს. აღნიშნული კვლევის რელევანტურობისა და აქტუალურობის თვალსაზრისით საყურადღებოა ისიც, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები 2023 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში შევიდა, ხოლო „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დოკუმენტი 2024 წლის 14 თებერვალს გამოქვეყნდა.
დოკუმენტში პრობლემურად არის მიჩნეული კომუნიკაციების კომისიის წევრთა ნომინირებისა და გათავისუფლების პროცედურა და საფუძვლები იმ პირობებში, რომ ევროსაბჭოს დასკვნის გამოქვეყნების შემდგომ საქართველოს პარლამენტმა ევროკომისიისა და კომუნიკაციების კომისიის ჩართულობით შეიმუშავა და მიიღო ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში. დასახელებული ცვლილებებით დაიხვეწა კომუნიკაციების კომისიის წევრების არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესები. სამწუხაროდ, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შეფასებით დოკუმენტში დასახელებული საკანონმდებლო ცვლილებები მხედველობაში არ არის მიღებული, მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები კანონში დოკუმენტის გამოქვეყნებამდე სამი თვით ადრე იქნა მიღებული.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ პრობლემურია კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის აუდიტის ჩატარების წესი და რეკომენდებულია, რომ აუდიტი ჩატარდეს კომისიის სახსრებით, მაშინ როდესაც სწორედ ამგვარ მოწესრიგებას შეიცავს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონიც. შესაბამისად, გაუგებარია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ პოზიცია და რეკომენდაცია აუდიტის კომისიის სახსრებით ჩატარებასთან დაკავშირებით.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ევროსაბჭოს დასკვნაზე დაყრდნობით ასევე მიუთითებს, რომ ქცევის კოდექსის შემუშავების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ ინდუსტრიის წარმომადგენლებსაც და ამ მხრივ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი პრობლემურია. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონს არასოდეს შეუზღუდავს მედიამომსახურების მიმწოდებელთა უფლება, თვითინიციატივის ფარგლებში თავად დაედგინათ საკუთარი საქმიანობის მომწესრიგებელი ქცევის კოდექსი. მათი ეს უფლება კიდევ უფრო ცხადად გაიწერა „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში 2023 წლის ოქტომბერში შესული ცვლილებებით და პირდაპირ მიეთითა, რომ კანონი არ ზღუდავს მედიამომსახურების მიმწოდებლებსა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს, საკუთარი ინიციატივით, ერთობლივად ან დამოუკიდებლად შეიმუშაონ მათ მიერ საქმიანობის განხორციელებისას ქცევის წესები. შესაბამისად, ამ თვალსაზრისითაც დასკვნა შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობას.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დასკვნაში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია, აიკრძალოს რეკლამა, რომელიც ლახავს პირის ღირსებას, მაგრამ არ უნდა აიკრძალოს უხამსი ქმედებისა და შეურაცხმყოფელი ენის შემცველი პროგრამების განთავსება. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ასევე უთითებს, რომ, აკრძალვის ნაცვლად, უმჯობესია მსგავსი პროგრამების შეზღუდვა, მაგალითად, პროგრამის დროის ისეთ მონაკვეთში ჩვენებით, როცა, სავარაუდოდ, მას არასრულწლოვანები ვერ ნახავენ. აღსანიშნავია, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით აკრძალულია ისეთი რეკლამის განთავსება, რომელიც ლახავს ადამიანის ღირსებას, ხოლო უხამსობის შემცველი პროგრამების რეგულირება გათვალისწინებულია სწორედ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 561 მუხლში, რომელიც მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანის დაცვის საკითხებს ადგენს. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიისთვის გაუგებარია ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაცია.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დოკუმენტი ასევე დაუსაბუთებლად მიუთითებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხების, სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების რეგულირებისა და შესაძლო თანარეგულირების შესახებ. აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების დირექტივა (AVMSD) მოითხოვს მაუწყებლობის სფეროში სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების რეგულირებას. დირექტივის მოთხოვნას სწორედ ამგვარად განმარტავს აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების ევროპელი მარეგულირებლების ჯგუფი European Regulators Group for Audiovisual Media Services (ERGA), რომელიც სწორედ იმისთვისაა შექმნილი, რომ დირექტივით გათვალისწინებული საკითხების განმარტებაში ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ტექნიკური ექსპერტიზა გაუწიოს. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების საკითხებთან დაკავშირებით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა ევროკავშირის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების მიზნით, რაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას წარმოადგენდა. საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის მომზადებაში კომუნიკაციების კომისიასთან ერთად აქტიურად იყო ჩართული ევროკომისია. ამასთან, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება შეფასებულია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში და აღნიშნულია, რომ ცვლილება განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების დირექტივის ძირითად პრინციპებთან დაახლოების უზრუნველსაყოფად. ამ პირობებში, ყოვლად გაუგებარია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განმარტება სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემთხვევებზე მხოლოდ თვითრეგულირებისა თუ თანარეგულირების ფარგლებში რეაგირების შესახებ.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ასევე მიუთითებს, რომ რეკომენდებულია რეგულაციები გახდეს მეტად ნათელი და განჭვრეტადი. ორგანიზაციის პოზიციით, კანონმდებლობაში შემოღებული შეზღუდვებისა თუ კონკრეტული ფრაზების უკეთ განმარტება ან ჩანაცვლებაა საჭირო. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ არ მიუთითებს, რომელი საკანონმდებლო ნორმა როგორ უნდა გახდეს „მეტად ნათელი და განჭვრეტადი“, ან კონკრეტულად რისი გამოსწორება შეიძლება მოქმედ კანონმდებლობაში. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ კომუნიკაციების კომისიამ, სწორედ კანონმდებლობის განჭვრეტადობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიმუშავა, დაინტერესებულ პირებს გაუზიარა და საჯაროდ გამოაქვეყნა მედიაში სიძულვილის ენის, ტერორიზმისკენ მოწოდებისა და უხამსობის რეგულირების შესახებ შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპების პროექტი, რომელიც, კომენტარების მიღების შემდეგ, საბოლოო სახით დამტკიცდება. ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ აქვს შესაძლებლობა, კომუნიკაციების კომისიას წარუდგინოს საკუთარი მოსაზრებები აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით.
კომუნიკაციების კომისია კიდევ ერთხელ გამოხატავს სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მზაობას და იმედს გამოთქვამს, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები კომისიის საქმიანობის მომწესრიგებელი კანონმდებლობისა და კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის შესახებ საკითხების კომენტირებისას ფაქტობრივად არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან, უსაფუძვლო მოსაზრებებისა და შეფასებების გაკეთებისა და ასევე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან თავს შეიკავებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.