კომუნიკაციების კომისია აჭარაში მედიაწიგნიერების პროექტების განხორციელებას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტით იწყებს
კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების პროექტების განხორციელებას აჭარის რეგიონში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტით იწყებს.
როგორც კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, ახალი სასწავლო წლიდან კომისიის მედიაწიგნიერების პროექტებში, უნივერსიტეტთან ერთად, აჭარის საჯარო სკოლების მოსწავლეებიც ჩაერთვებიან.
„კომისიასა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება უკვე შედგა. თანამშრომლობის ფარგლებში, მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, ერთობლივ პროექტებში უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით, ჩატარდება ერთობლივი სესიები და კონფერენციები, შემუშავდება რეკომენდაციები მედიაწიგნიერების სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სილაბუსების განვითარებისა და დახვეწისათვის“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.
კომუნიკაციების კომისიასა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მედიაწიგნიერების მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ და ამავე უნივერსიტეტის რექტორმა, მერაბ ხალვაშმა მოაწერეს ხელი.
მედიაწიგნიერების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარების განვითარების მიზნით, კომუნიკაციების კომისია სემინარებსა და ტრენინგებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან ერთად ჩაატარებს. საგანმანათლებლო სესიები სტუდენტებს ნამდვილი და ყალბი ინფორმაციის გარჩევაში დაეხმარება. სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ მედიაწიგნიერების კონკურსში „ნამდვილი თუ მოგონილი?!“, ხოლო შემდგომეტაპზე სასწავლო კომპონენტის განხორციელება სწორედ მათი თანამონაწილეობით სკოლებში მოხდება.
„ასევე, კომუნიკაციებისკომისიის დახმარებით, სტუდენტები მედიაწიგნიერების პროექტის – „მედიაეკონომიკა“ ფარგლებში, მედიის ეკონომიკის საერთაშორისო გამოცდილების ახალ მიდგომებს დაეუფლებიან. ეს თანამშრომლობა გულისხმობს ერთობლივ მუშაობას როგორც საგანმანათლებლო, ასევე სტარტაპების მიმართულებით. თანამშრომლობის ფარგლებში, უნივერსიტეტის პროფესორებსა და აკადემიურ პერსონალს ექნებათ წვდომა მედიაწიგნიერების ვებპლატფორმაზე, სადაც ისინი საერთაშორისო მასშტაბით მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და ახალ სასწავლო რესურსებს გაეცნობიან. ამასთან, მათ ექნებათ შესაძლებლობა, ვებპლატფორმაზე საკუთარი სასწავლო მასალები განათავსონ.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისია, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მედიაწიგნიერების პროექტების განხორციელებას ახალი სასწავლო წლიდან, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის იწყებს. ამის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება კომუნიკაციების კომისიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, ასევე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის უკვე გაფორმდა“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომიიის ინფორმაციაში.