კომუნიკაციების კომისია - 5G-ის დასანერგად მეორედ გამოცხადებულ აუქციონში „მაგთიკომმა“ გაიმარჯვა
კომუნიკაციების კომისია - 5G-ის დასანერგად მეორედ გამოცხადებულ აუქციონში „მაგთიკომმა“ გაიმარჯვა

კომუნიკაციების კომისიამ მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის, ე.წ. 5G-ის დასანერგად მეორედ ჩატარებულ აუქციონში, N1 კომბინირებული ლოტის გამარჯვებულად „მაგთიკომი“ გამოაცხადა. აღნიშნული ლოტის საფასურმა, ჯამში, 48 802 257 ლარი შეადგინა. ოპერატორმა სრული თანხის 30% სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე გადაიხადა და 700 მჰც და 3410-3710 მჰც სიხშირული დიაპაზონით სარგებლობის ლიცენზია 15 წლის ვადით მიენიჭა. დარჩენილი 70% კი „მაგთიკომმა“ ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა დაფაროს.

„მაგთიკომმა“ განაცხადი ასევე შემოიტანა ცალკე მდგომ ლოტებზე 700, 800, 3410-3710 და 2600 მჰც დიაპაზონებში, რომელთა აუქციონიც 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება. სიხშირეების მოპოვებასთან ერთად კი, „მაგთიკომი“ ვალდებული იქნება მომდევნო 7 წლის განმავლობაში 5G ქსელით ეტაპობრივად დაფაროს საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზები. ამასთან, 5G ქსელების აგებისას კომპანიამ უნდა იხელმძღვანელოს ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით, რაც ქსელის მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

5G-ის დასანერგად აუქციონი სულ 17 ლოტზე იყო გამოცხადებული, რომლის ფარგლებშიც 700, 3410-3710, ასევე 2600 მჰც დიაპაზონების სიხშირული ზოლები იყო გამოტანილი. 17 ლოტიდან ორ კომბინირებულ, მათ შორის ერთ კონკრეტულ და ერთ აბსტრაქტულ ლოტს ერთნაირი დაფარვის ვალდებულებები და ფასი ჰქონდათ განსაზღვრული. ორივე მათგანი სიხშირული სპექტრის ორი განსხვავებული, 700 და 3410-3710 მეგაჰერცი დიაპაზონის ზოლებისგან შედგება და დასახლებული პუნქტების დაფარვის ერთნაირ ვალდებულებას ითვალისწინებს. გარდა 5G-ის დასანერგად გამოცხადებული ლოტებისა, აუქციონი ასევე გამოცხადებული იყო 800 და 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონებში ლიცენზიის მოსაპოვებლად დამატებით 4 ცალკე მდგომ ლოტზე. საგულისხმოა, რომ კომბინირებული ლოტის შეძენისას MVNO-ს დაშვების სავალდებულო მოთხოვნა არ არსებობდა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ლოტს MVNO-ს ვალდებულებით აირჩევდა, საწყის საფასურზე 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებდა. „მაგთიკომმა“ N1 კომბინირებული ლოტი MVNO-ს სავალდებულო დაშვების გარეშე შეიძინა.

შეგახსენებთ, გასულ წელს გამოცხადებულ 5G აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „სელფი მობაილმა“ მიიღო, რომლის ფარგლებშიც MVNO-ს დაშვების ვალდებულებასთან ერთად მოიპოვა ლიცენზია მეხუთე თაობის ტექნოლოგიის დასანერგად. დღეისთვის, „სელფი მობაილს“ 5G ზუგდიდში, ბაკურიანში, გუდაურში, ბათუმში, ქობულეთში, შეკვეთილში, გონიოსა და კვარიათში უკვე დანერგილი აქვს და ამ პროცესს კვლავ აქტიურად აგრძელებს. გამომდინარე იქიდან, რომ ComCom-ისთვის ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, კომისიამ გაითვალისწინა ოპერატორების მომართვა და პირველი აუქციონიდან ერთი წლის შემდეგ კომპანიებს მეორედ მისცა შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა აუქციონში, დანერგონ მე-5 თაობის ტექნოლოგია და მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზონ.

5G – ეს არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტტექნოლოგია, რომელიც, უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს დაყოვნებას და, საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორებიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა. რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.