საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2020 წლის პირველი კვარტლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებისა და სამომავლო პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებს, COVID-19-ის ეპიდემიის გამოცხადებამდე, მზარდი ტენდენცია ჰქონდა. 2020 წლის პირველ კვარტალში, მარტის თვეში დაფიქსირებული 4%-იანი კლების მიუხედავად, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 7%-ით გაიზარდა. სატელევიზიო არხების კომერციულმა შემოსავალმა, რომელიც რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს, 13,659,925 ლარი შეადგინა.
2020 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებში ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს – 317% დაუფიქსირდა, რომელსაც 231%-ით სტუდია მაესტრო მოსდევს. 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2020 წელს 189%-იანი ზრდა აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ჯი-დი-ეს თი-ვი-ს – 56%-, ტელეკომპანია პირველს 50%, ხოლო ტელეიმედს 27%-იანი ზრდა დაუფიქსირდა“, – აღნიშნავენ კომუნიკაციების კომისიაში.
ამავე ინფორმაციით, სარეკლამო შემოსავლების კლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს დაუფიქსირდა და მისი სარეკლამო შემოსავალი განახევრდა, სილქნეტს კი 65%-იანი კლება აქვს. 48%-იანი კლება უფიქსირდება ტელეკომპანია „კავკასიას“, სარეკლამო შემოსავალი რაგბი ტვ-ს 45%-ით, ხოლო სეტანტა ჯორჯიას 40%-ით შეუმცირდა.
„2020 წლის პირველ კვარტალში, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მაუწყებლების ჭრილში ასე გადანაწილდა: ტელეიმედი – 5,404,783.27 ლარი; სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” – 2,555,286.62 ლარი; საზოგადოებრივი მაუწყებელი – 438,038.97 ლარი; ტელეკომპანია პირველი – 927,809.19 ლარი; მთავარი არხი – 1,859,641.48 ლარი; სილქნეტი – 229,656.03 ლარი; ჯი-დი-ეს თი-ვი – 437,105.48 ლარი; პოსტვ – 465,590.91 ლარი; სეტანტა ჯორჯია – 140,829.45 ლარი; რ.ბ.ჯ – 116,980.19 ლარი; ტვ 25 – 123,116.93 ლარი; პალიტრა თV – 109,692.80 ლარი; სტუდია მაესტრო – 132,764.00 ლარი; რაგბი ტვ – 53,573.00 ლარი; ტელეკომპანია „კავკასია“ – 46,468.78 ლარი; ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი – 96,280.00 ლარი; არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი – 48,890.00 ლარი; ბასტი-ბუბუ – 34,570.00 ლარი; ფოკუს სტუდიო – 36,529.66 ლარი; სხვა – 402,317.85 ლარი.
რაც შეეხება 2020 წლის II, III და IV კვარტალებს, პანდემით გამოწვეული მდგომარეობა აუცილებლად მოახდენს გავლენას სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე. მაგალითისთვის, უკვე თვალსაჩინოა პანდემიის უარყოფითი გავლენა ტურიზმის სფეროზე. საქართველოს შემთხვევაში, 2019 წელს ტურიზმის წილი მშპ-ში 8.1% იყო. შესაბამისად, ტურიზმის სფეროს ბიზნესების დაღმავალი ტრენდი უარყოფითად აისახება სარეკლამო ბაზარზე, რადგან შემცირდება ამ სფეროში მომუშავე კომპანიების სარეკლამო აქტივობა“, -აღნიშნავე კომისიაში.
მათივე ხნობით, საქსტატის წინასწარი შეფასებით, მარტის თვისთვის უკვე ფიქსირდება მთლიანი შიდა პროდუქტის 2.7%-იანი კლება, ეს ტენდენცია ცხადია 2020 წლის სარეკლამო ბაზარზეც აისახება.
„სატელევიზიო კომერციული და სასპონსორო ტიპის რეკლამების თვალსაზრისით, 2019 წელს რეკლამის განმთავსებლების მიერ დაგენერირებული wGRP-ების გადანაწილების მიხედვით, ჯამური wGRP-ების დაახლოებით 85% შემდეგ კატეგორიებზე გადანაწილდა: სასმელები, სურსათი, სპორტი, ტურიზმი, გართობა, მედიცინა, სილამაზე და ჯანმრთელობა, ინდუსტრი და სერვისები, ფინანსები.
შესაბამისად, 2019 წელს სწორედ ამ ტოპ კატეგორიების კომპანიების მიერ განთავსებულ რეკლამებს უნდა დაეგენერირებინათ სარეკლამო შემოსავლების მნიშვნელოვანი წილი და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნორმალურ პირობებში, 2020 წელსაც აღნიშნული კატეგორიები იქნებოდნენ ყველაზე მსხვილი განმთავსებლები.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ პროდუქტსა და მომსახურებაზე მკვეთრი კლება შეინიშნება, ზოგზე კი მატება, მთლიან სურათზე ეპიდემიის შედეგები მაინც ნეგატიურად აისახა. მაგალითისთვის, მოთხოვნა 53% გაიზარდა სურსათის კატეგორიაზე, 52% კი ტელეკომუნიკაციების სფეროზე, საბოლოო ჯამში, მიმდინარე წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, wGRP-ების რაოდენობა მაინც 25%-ით შემცირდა.
სარეკლამო შემოსავლების თვალსაზრისით, მარტის თვისთვის, სატელევიზიო მაუწყებლების მიერ კომისიაში წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, მხოლოდ კომერციული და სასპონსორო ტიპის რეკლამებით დაგენერირებულ შემოსავლებში 1%-იანი, ხოლო ჯამურ სარეკლამო შემოსავლებში – 4%-იანი კლება ფიქსირდება. სავარაუდოდ, კლების მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება აპრილის თვეში“, – აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.
ამავე ინფორმაციით, 2020 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებში დაფიქსირებული ზრდის მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ COVID-19-ის გავრცელება სარეკლამო ბაზარზე მთელი წლის ჭრილში უარყოფითად აისახება.
„თუმცა, ჩვენი ვარაუდით შეზღუდვების მოხსნა და ბიზნესების გახსნა ხელს შეუწყობს სარეკლამო აქტივობების განახლებას.
ამასთან 2020 წელი საარჩევნო წელია და სავარაუდოდ ფასიანი პოლიტიკური რეკლამებისგან მიღებული შემოსავლები მაუწყებლებისთვის დააბალანსებს კომერციული სექტორის სარეკლამო აქტივობის კლებას.
კომისიის პროგნოზით მიუხედავად პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგებისა, წლის ჭრილში 2020 წელს სარეკლამო ბაზარზე კლების მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირდება“, – აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.