საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2018 წლის 29 სექტემბრიდან 29 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.
კომისიის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში მონიტორინგი 41 სამაუწყებლო არხს, 37 ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გაზეთსა და საერთო ლიცენზიის მქონე რადიომაუწყებლებს ჩაუტარდა. მედიამონიტორინგის პროცესში კომისია წინასაარჩევნო რეკლამას, დებატებს, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ პოლიტიკურ გადაცემებს, წინასაარჩევნო აგიტაციასა და საზოგადოებრივი აზრის კვლევებს 24 საათის განმავლობაში აკვირდებოდა. ანგარიშში დეტალურად არის მოცემული მაუწყებლების მიერ საარჩევნო სუბიექტებისთვის დათმობილი დრო, როგორც პრაიმტაიმში, ასევე პრაიმტაიმს მიღმა.
კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საანგარიშო პერიოდში კომისიის, საარჩევნო სუბიექტების, მედიისა და არასამთავრობო სექტორის ყურადღება სამ ძირითად საკითხზე გამახვილდა, მათ შორის, კვლავ აქტუალური იყო საზოგადოებრივი აზრის კვლევის გამოქვეყნებასა და კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ დარეგისტირებული ე.წ. ტექნიკური კანდიდატების საარჩევნო კამპანია, ასევე წინასაარჩევნო დებატების განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები.
როგორც კომისია აცხადებს, საანგარიშო პერიოდში საზოგადოებრივი აზრის კვლევის გამოქვეყნებისას სავალდებულო ინფორმაცია არ მიუთითა და, შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა შემდეგი მაუწყებლების მიმართ: შპს „ტელეკომპანია პირველი“, შპს „ტელეკომპანია კავკასია“, შპს „ტელერადიო კომპანია თრიალეთი“, შპს „ტელეიმედი“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“, შპს „სტუდია მაესტრო“, ააიპ „არასამეწარმეო მედია კავშირი ობიექტივი“. აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები კი, კანონმდებლობის თანახმად, შესაბამის საქალაქო და რაიონულ სასამართლოებს წარედგინა.
ასევე, 2018 წლის 29 სექტემბრიდან 29 ოქტომბრამდე პერიოდში, კომისიამ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის, კახა კუკავას საჩივრები განიხილა, რომლებშიც სამი ძირითადი მოთხოვნა იყო წარდგენილი: წინასაარჩევნო-პოლიტიკური რეკლამების განუთავსებლობა, წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობის უზრუნველყოფა და წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებსა და არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებულ გადაცემებში მონაწილეობის უზრუნველყოფა. კომისიამ აღნიშნულ საკითხზე 2018 წლის 18 და 25 ოქტომბერს საჯარო სხდომაზე მსჯელობის შედეგად, წინასაარჩევნო-პოლიტიკური რეკლამების განუთავსებლობის გამო, ტელეკომპანია „იმედს“ და „სტუდია მაესტროს“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეადგინა.
„ამავე დროს, კომისიამ მხარეს განუმარტა, რომ საზოგადოებრივ–პოლიტიკურ პროგრამებსა და არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებულ გადაცემებში მაუწყებლის მიმართ წაყენებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიერ საჩივრის შეტანა მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში ხდება. რაც შეეხება დებატებში მონაწილეობის საკითხს, კომისია აღნიშნულ საკითხს საარჩევნო პერიოდის გასვლის შემდეგ დაუბრუნდება და იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებლების მიერ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის დებატების პროგრამაში მონაწილეობა უზრუნველყოფილი არ იქნება, კომისია მათ მიმართ კანონით გათვალისწინებულ ზომებს გაატარებს“, – ნათქვამია კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ამასთან, კომუნიკაციების ეროვნული კომისია განმარტავს, რომ „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით. მონიტორინგმა კი, გამოავლინა რომ საანგარიშო პერიოდში მთელ რიგ მაუწყებლებს ეთერში ან არ განუთავსებიათ წინასაარჩევნო დებატები ან მათ მიერ განთავსებულ დებატების პროგრამებში მონაწილეობა არ მიუღიათ ყველა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს.
წინასაარჩევნო დებატების განთავსების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად, კომისიამ 2018 წლის 7 ნოემბერს მაუწყებლებს შესაბამისი ახსნა-განმარტებების წარდგენის მიზნით მიმართა. მაუწყებლებისგან მიღებული პასუხების შესწავლის შემდეგ კომისია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს.
ამასთან, კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, საერთო ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია, თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების პოლიტიკური-წინასაარჩევნო რეკლამა ისე, რომ ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს.
„საანგარიშო პერიოდში, სხვადასხვა მაუწყებლის ეთერში განთავსდა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების პოლიტიკური-წინასაარჩევნო რეკლამები, რომლებიც სხვა საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევის ხელშეშლას ემსახურებოდა, ამავე პარტიების მიერ ტელეკომპანიებში წარდგენილი პოლიტიკური-წინასაარჩევნო რეკლამა არ ემსახურებოდა მათივე საპრეზიდენტო კანდიდატების არჩევის ხელშეწყობას და არ მოუწოდებდა ამომრჩეველს მათი მხარდაჭერისკენ. გარდა ამისა, რიგი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები მხოლოდ სხვა საარჩევნო სუბიექტების არჩევის ხელშემწყობ წინასაარჩევნო-პოლიტიკურ რეკლამებს ათავსებდნენ“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ანგარიშში.
კომისიის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონებს, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო პროცესების ზედამხედველობას ახორციელებს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ის საფრთხის შემცველია პოლიტიკური პლურალიზმისთვის და დისკრიმინაციულია რიგი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიმართ. კომისიას მიაჩნია, რომ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ დარეგისტირებული ე.წ. ტექნიკური კანდიდატების მხრიდან წინასაარჩევნო რეკლამის ამგვარი გამოყენება, არღვევს სამართლიანობის პრინციპს და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს. კერძოდ, სხვადასხვა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის კანონით მინიჭებული 3 საათში ერთხელ არაუმეტეს 90 წამის ნაცვლად, სხვა კანდიდატებთან შედარებით, რამდენჯერმე მეტი დრო ეთმობოდათ.
კომუნიკაციების კომისიის ცნობით, ე.წ. ტექნიკური კანდიდატების მიერ წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხის შესწავლის მოთხოვნით, კომისიას და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია გამოთქვამდა ვარაუდს, რომ აღნიშნული ფორმით წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება უკანონო შემოწირულობას წარმოადგენდა. ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, საკითხის შესწავლის მიზნით, კომისიისგან გამოითხოვა ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტების სასარგებლოდ, ან საწინააღმდეგოდ განხორციელებული ფასიანი და უფასო სატელევიზიო რეკლამის განთავსების შესახებ. კომისიამ შესაბამისი ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 2018 წლის 17 ოქტომბერს წერილობით მიაწოდა.
„საანგარიშო პერიოდში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ უფასო პოლიტიკური რეკლამის დროის გაზრდასთან დაკავშირებით კომისიის მიერ გაკეთებული განცხადება ეჭვქვეშ აყენებდა მარეგულირებლის ინსტიტუციურ მიუკერძოებლობას და შეიცავდა საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ. მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომისიისთვის აღნიშნული განცხადება მიუღებელია. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა წინასაარჩევნო უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტი, რომელიც ყოველ 3 საათში არანაკლებ 7,5 წუთს შეადგენს, 17 სექტემბრიდან გაზარდა. მაუწყებელმა 2018 წლის 17 სექტემბრიდან 21 სექტემბრამდე უფასო პოლიტიკურ რეკლამას ყოველ 3 საათში 10 წუთი, 2018 წლის 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრამდე – 14 წუთი, ხოლო 26 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე კვლავ 10 წუთი დაუთმო.
ვინაიდან, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება უფასო პოლიტიკური-წინასაარჩევნო რეკლამის ლიმიტის გაზრდის თაობაზე, კომისიამ იმ მიზნით, რომ პოლიტიკური პლურალიზმისთვის არ შექმნილიყო საფრთხე, რეკომენდაციით მიმართა მაუწყებლებს გაეთვალისწინებინათ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები და მოუწოდა უფასო პოლიტიკური-წინასაარჩევნო რეკლამის საეთერო დრო სამართლიანად, თანაბრად და არადისკრიმინაციულად გადაენაწილებინათ თითოეულ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებზე ისე, რომ ერთი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამზე მეტი არ ყოფილიყო, რაც ემსახურება ყველა კვალიფიციური და არა ერთი საარჩევნო სუბიექტის ინტერესებს, როგორც ამას „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ უთითებდა“, – აღნიშნულია კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომისია განმარტავს, რომ საერთო ეროვნული მაუწყებლის მიერ უფასო პოლიტიკური-წინასაარჩევნო რეკლამის სავალდებულო ლიმიტის მნიშვნელოვნად გაზრდას, ასევე, შესაძლოა გამოეწვია კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ ფასიანი პოლიტიკური-წინასაარჩევნო რეკლამის შესყიდვის მოთხოვნის შემცირება, რაც უარყოფითად აისახებოდა შედარებით მცირე ბაზრის წილის მქონე მაუწყებლებზე, განსაკუთრებით კი, რეგიონალური მაუწყებლების ფინანსურ შემოსავლებზე.