საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2018 წლის 28 აგვისტოდან 29 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს. საანგარიშო პერიოდში მონიტორინგი 42 სამაუწყებლო არხს, 37 ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გაზეთსა და საერთო ლიცენზიის მქონე რადიომაუწყებლებს ჩაუტარდა.
კომისიის ინფორმაციით, მედია მონიტორინგის პროცესში კომისია წინასაარჩევნო რეკლამას, დებატებს, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს, წინასაარჩევნო აგიტაციასა და საზოგადოებრივი აზრის კვლევებს 24 საათის განმავლობაში აკვირდებოდა. ანგარიშში დეტალურად არის მოცემული მაუწყებლების მიერ საარჩევნო სუბიექტებისთვის დათმობილი დრო, როგორც პრაიმ ტაიმში, ასევე პრაიმ ტაიმს მიღმა.
საანგარიშო პერიოდში კომისიის, საარჩევნო სუბიექტების, მედიისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან რამდენიმე ძირითადი საკითხი გამოიკვეთა: საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიის სანდოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმება; მაუწყებლების მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არარეგისტრირებული კანდიდატების პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამისა და არასათანადო/არაეთიკური რეკლამის განთავსება; კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ დარეგისტირებული ე.წ. ტექნიკური კანდიდატების საარჩევნო კამპანია.
„პირველი თემა, რომელიც საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა საარჩევნო პერიოდში მაუწყებლების მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარებაა – საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 51-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული, ამ მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ ხუთი გამოკითხვის ან არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4 პროცენტის მხარდაჭერით“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში და განმარტებულია, რომ, ამავე კანონით, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ სოციოლოგიური კვლევის შედეგების დისკრიმინაციული გამოყენება და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება.
კომისიის განცხადებით, გამომდინარე იქედან, რომ კანონი ცალსახად ანიჭებს მაუწყებელს უფლებამოსილებას, მის მიერ დაკვეთილი საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფუძველზე, საარჩევნო სუბიექტს „კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის„ სტატუსი მიანიჭოს, მაუწყებელი ვალდებულია, დაკვეთილი კვლევის მეთოდოლოგიის სანდოობის და შედეგების ობიექტურობა უზრუნველყოს.
„კანონისმიერი მოთხოვნების შესასრულებლად, კომისიამ, წინა წლების მსგავსად, მაუწყებლებს საკუთარი ვალდებულებები შეახსენა, რასაც არასამთავრობო სექტორის უკმაყოფილება და დაუსაბუთებელი კრიტიკა მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ კვლევების გადამოწმებას მაუწყებლებს არა კანონი, არამედ კომისია ავალდებულებდა. საკითხში გარკვევის მიზნით, კომისიის წევრები კიდევ ერთხელ შეხვდნენ მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და შეახსენეს, რომ საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ და მიზნად არ უნდა ისახავდეს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას. გადაუმოწმებელი კვლევის გამოქვეყნების შემთხვევაში, დღის წესრიგში დგება პოლიტიკური სპეკულაციის და პოლიტიკური კორუფციის რისკები. აპელირება ხდებოდა იმაზეც, რომ საზოგადოებრივი კვლევის გადამოწმება პერსონალური მონაცემების დარღვევას გამოიწვევდა. კომისია მესამე წელია განმარტავს, რომ თუ დღის წესრიგში კვლევის გადამოწმების აუცილებლობა დადგება, ამას არა კომისიის აპარატი, არამედ კვალიფიციური და გამოცდილი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია გააკეთებს, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, პერსონალური მონაცემების დაცვით და მათ გასაჯაროების გარეშე“, – აღნიშნავს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, მეორე საკითხი, რომელიც საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა მაუწყებლის მიერ ეთერში პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებას ეხება, რომლის მიმართაც მაუწყებლებსა და პოლიტიკურ პარტიებს განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ.
კომისია განმარტავს, რომ კანონი ცალსახად განსაზღვრავს მაუწყებლების ვალდებულებებს და საარჩევნო სუბიექტების უფლება-მოვალეობებს. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე და 51-ე მუხლები განსაზღვრავს მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგად რეგულაციებს და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფის წესებს, რომელთა მიზანია, პოლიტიკური პარტიის გავლენისგან მაუწყებლის დაცვისა და ამასთანავე, არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს 2018 წლის 15 და 16 აგვისტოს ეთერში სწორედ პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის დარღვევით განთავსების გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის საქალაქო სასამართლოს გადაუგზავნა. სასამართლომ მაუწყებელი სამართალდამრღვევად სცნო და ჯარიმა დააკისრა.
„აღნიშნულ საკითხი მოხვდა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის I შუალედურ ანგარიშში, სადაც ორგანიზაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის ოქმის გამოწერის საკითხთან დაკავშირებით, კომისიის აზრით, არასწორ სამართლებრივ შეფასებას აკეთებდა, რასთან დაკავშირებითაც, კომუნიკაციების კომისიამ ორგანიზაციას დეტალური განმარტებები მისცა“, – აცხადებს კომუნიკაციების კომისია.
ასევე, კომისიის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, კერძოდ, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ დარეგისტრირებული ე.წ. ტექნიკური კანდიდატების საარჩევნო კამპანია – საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, საერთო ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა ისე, რომ ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს.
„საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მაუწყებლის ეთერში განთავსდა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამები, რომლებიც სხვა საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევის ხელშეშლას ემსახურებოდა, ამავე პარტიების მიერ ტელეკომპანიებში მიტანილი პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა არ ემსახურებოდა მათივე საპრეზიდენტო კანდიდატების არჩევის ხელშეწყობას და არ მოუწოდებდა ამომრჩეველს მათი მხარდაჭერისკენ. გარდა ამისა, რიგი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები მხოლოდ სხვა საარჩევნო სუბიექტების არჩევის ხელშემწყობ წინასაარჩევნო/პოლიტიკურ რეკლამებს ათავსებდნენ“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.
უწყების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონებს, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო პროცესების ზედამხედველობას ახდენს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ის საფრთხის შემცველია პოლიტიკური პლურალიზმისთვის და დისკრიმინაციულია რიგი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიმართ.
კომისიას მიაჩნია, რომ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ დარეგისტრირებული ე.წ. ტექნიკური კანდიდატების მიერ წინასაარჩევნო რეკლამის ამგვარი გამოყენების შესაძლებლობა არღვევს სამართლიანობის პრინციპს და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს. „კერძოდ, სხვადასხვა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის კანონით მინიჭებული 3 საათში ერთხელ არაუმეტეს 90 წამის ნაცვლად, სხვა კანდიდატებთან შედარებით რამდენჯერმე მეტი დრო ეთმობოდათ“, – აცხადებენ კომისიაში.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში კომისიის ყურადღება მიიქცია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ უფასო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის დროის ლიმიტის გაზრდამ.
„მაუწყებელმა უფასო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის ლიმიტი, რომელიც ყოველ სამ საათში 7,5 წუთს შეადგენდა, 14 წუთამდე გაზარდა. აღნიშნული ფაქტის მნიშვნელობას აძლიერებს რამდენიმე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ საკუთარი უფასო სარეკლამო დროის სხვა კანდიდატების არჩევის ხელის შეშლისთვის ან ხელშეწყობისთვის გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონს არ ეწინააღმდეგება, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ის საფრთხის შემცველია პოლიტიკური პლურალიზმისთვის.
გარდა ამისა, საერთო ეროვნული მაუწყებლის მიერ უფასო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის სავალდებულო ლიმიტის მნიშვნელოვნად გაზრდამ, შესაძლოა გამოიწვიოს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ ფასიანი პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის შესყიდვის მოთხოვნის შემცირება, რაც უარყოფითად აისახება შედარებით მცირე ბაზრის წილის მქონე მაუწყებლებზე, განსაკუთრებით კი რეგიონალური მაუწყებლების ფინანსურ შემოსავლებზე მოახდენს გავლენას“, – აცხადებს კომუნიკაციების კომისია.
წინასაარჩევნო პერიოდში დისკრიმინაციული მიდგომის თავიდან აცილების მიზნით, კომუნიკაციების ეროვნული კომისია ახსენებს მაუწყებლებს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მოუწოდებს, რომ უფასო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის საეთერო დრო სამართლიანად, თანაბრად და არადისკრიმინაციულად გადაანაწილონ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებზე ისე, რომ ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს.
ასევე, როგორც კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საანგარიშო პერიოდში მაუწყებლების, პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის ყურადღების ცენტრში მოექცა მაუწყებლების მიერ კომისიაში გაგზავნილი წერილები. კერძოდ, კომისიას „ტვ პირველმა“, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ტელეკომპანია „იმედმა“ წერილობით მიმართეს, სადაც კომპანიები კომისიისგან საარჩევნო სუბიექტების მიერ მაუწყებლებში წარდგენილი უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით ითხოვდნენ განმარტებას, იყო თუ არა აღნიშნული ვიდეორგოლები მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.
„კომისიის მიერ მაუწყებლებში გაგზავნილი პასუხი კრიტიკის საგანი გახდა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მხრიდან, აღნიშნული ორგანიზაციის მიერ შეფასდა, როგორც გამოხატვის თავისუფლების საფრთხე, რაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
სამაუწყებლო რეკლამის საკითხები, რომლის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს პოლიტიკური რეკლამა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირდება. აღნიშნული კანონით, იკრძალება არასათანადო და არაეთიკური რეკლამის განთავსება. შესაბამისად, მაუწყებელმა, როგორც რეკლამის გამავრცელებელმა, არ უნდა დაუშვას არასათანადო და არაეთიკური რეკლამის ეთერში განთავსება („მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტი)“, – აცხადებს კომისია.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომისიაში გაიმართა შეხვედრა პოლიტიკურ პარტიათა კოალიციის „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლებთან, რომლებსაც დეტალურად განემარტათ კომისიის მიერ მაუწყებლებთან გაგზავნილი წერილის სამართლებრივი საფუძვლები და ასევე, განხილულ იქნა ყველა ის წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამა, რომელთა განთავსებასთან დაკავშირებითაც მაუწყებლებს გაუჩნდათ კითხვები.
კომუნიკაციების ეროვნული კომისია საანგარიშო პერიოდში წამოჭრილი საკითხებიდან გამომდინარე, მაუწყებლებს კიდევ ერთხელ მიმართავს რეკომენდაციით და მოუწოდებს, იხელმძღვანელონ „საარჩევნო კოდექსით“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და „მაუწყებელთა ქცევის ქოდექსით“. შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულებები, კერძოდ, წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქებისას, საინფორმაციო გამოშვებებში, პოლიტიკურ თოქ-შოუებსა და არაპოლიტიკურ გადაცემებში, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისას, დაიცვან სამართლიანობის პრინციპი და ყველა კანდიდატს თანაბარი დრო დაუთმონ.