კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მაგთიკომს“ ტარიფების გაძვირება შეუჩერა
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მაგთიკომს“ ტარიფების გაძვირება შეუჩერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს კომპანია „მაგთიკომს“ 18 თებერვლიდან დაანონსებული ტარიფების გაძვირება შეუჩერა.

აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიის სხდომაზე მიიღეს.

„კომუნიკაციების კომისიამ შპს „მაგთიკომისა” და „სილქნეტის” მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ, ორივე კომპანიას მოუწოდა, შეეჩერებინათ გაძვირების პროცესი და დალოდებოდნენ ბაზრის კვლევის დასრულებას, რომელსაც კომისია ატარებს. აღნიშნული მხოლოდ კომპანია „სილქნეტმა“ გაითვალისწინა. გამომდინარე იქედან, რომ „მაგთიკომმა“ თავის გადაწყვეტილებას არ გადახედა, კომისიამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმსჯელა და მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, „მაგთიკომს“ ტარიფების გაძვირება გაუჩერა“, – ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ „მაგთიკომის“ გადაწყვეტილება, ტარიფების გაძვირების შესახებ მომხმარებელს აყენებს ზიანს, კომისიის მიზანია, მაქსიმალურად დაცული იყო მომხმარებლების ინტერესები და ვიდრე კვლევა არ დასრულდება, კომპანიამ გააჩეროს გაძვირების პროცესი, რათა აბონენტები არ დაზარალდნენ.

კომისიის გადაწყვეტილებით, „მაგთიკომს“ პაკეტების ღირებულების გაზრდა, მობილური საცალო ხმოვანი მომსახურებისა და მცირე ოპერატორების აბონენტთან დიდი ოპერატორების აბონენტებისგან განსხვავებული ტარიფით დაკავშირების ნაწილში შეუჩერდა, კერძოდ, კომპანიას დაევალა,  დღეს არსებული 25-ლარიანი ულიმიტო პაკეტი კვლავ ძალაში დატოვოს.