კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „იმედი“, „რუსთავი 2“ და „იბერია ტვ“ დააჯარიმა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ტელეიმედი“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და შპს „იბერია ტვ“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო დააჯარიმა.
ინფორმაციას ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.
კომისიამ კომპანიებს კანონით გათვალისწინებული ჯარიმა წლიური შემოსავლის 0.5% ოდენობის ნაცვლად – 0.1% დააკისრა, რაც „ტელეიმედის“ შემთხვევაში 25 748 ლარი, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის შემთხვევაში 3 1683 ლარი და „იბერია ტვ“-ის შემთხვევაში 3 394 ლარია.
სამაუწყებლო არხების ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი, სპონსორობის წესებისა და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით, კომისიამ 14-22 დეკემბერს ჩაატარა.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, მონიტორინგისას აღნიშნული ტელეკომპანიების მხრიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და კომისიის მიერ დამტკიდებული დადგენილების „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ დარღვევის ფაქტები გამოვლინდა.
„კერძოდ, ეთერში განთავსებულ გადაცემებსა და სიუჟეტებში საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ხდებოდა. შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევისთვის სამივე მაუწყებლის მიმართ გამოყენებულია გაფრთხილება, შესაბამისად განმეორებითი დარღვევის გამო, ამჯერად კომპანიებს ფინანსური სანქციები დაეკისრათ. კომისიამ მსჯელობისას აღნიშნა, რომ მაუწყებლების დაჯარიმება კომისიის მიზანს არ წარმოადგენს და კომისიის ამოცანაა ტელეკომპანიებმა დაიცვან კანონი და ანალოგიური დარღვევების პრევენცია მოახდინონ“, – ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გავრცელებულ ინფორმაციაში.