საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 25 სექტემბრის წერილი წარმოადგენს პასუხს მაუწყებლების შეკითხვაზე მათ მიერ კომისიაში წარმოდგენილ სარეკლამო ვიდეორგოლებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას „ტვ პირველმა“, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ტელეკომპანია „იმედმა“ წერილობით მიმართეს, სადაც ტელეკომპანიები კომისიისგან საარჩევნო სუბიექტების მიერ მაუწყებლებში წარდგენილი უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით ითხოვდნენ განმარტებას, შეესაბამებოდა თუ არა აღნიშნული ვიდეორგოლები მოქმედ კანონმდებლობას.
„აქედან გამომდინარე, კომისიის მიერ 25 სექტემბერს მაუწყებლებისთვის დაგზავნილი წერილი არის პასუხი მაუწყებლების შეკითხვაზე, რომელიც ტელეკომპანიებს შეახსენებს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ რეგულაციებს სამაუწყებლო პოლიტიკურ რეკლამებთან მიმართებით. შესაბამისად, აღნიშნული წერილი არ წარმოადგენს კომისიის სამართლებრივ აქტს.
კომისია კატეგორიულად არ იზიარებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებას, რომ კომისიის წერილი შეიცავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის გასაგებია, როდესაც კანონშეუსაბამო განმარტებებსა და შეფასებებს პოლიტიკოსები საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებენ, თუმცა გაუგებარია, რას ემსახურება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გაკეთებული მსგავსი განცხადებები. აუცილებლად მიგვაჩნია, დეტალურად განვმარტოთ კანონის ყველა მუხლი, რომ საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა არ მოხდეს“, – აღნიშნულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციაში.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამაუწყებლო რეკლამის საკითხები, რომლის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს პოლიტიკური რეკლამა, რეგულირდება საქართველოს კანონით ,,მაუწყებლობის შესახებ“.
„აღნიშნული კანონით იკრძალება არასათანადო და არაეთიკური რეკლამის განთავსება. შესაბამისად, მაუწყებელმა, როგორც რეკლამის გამავრცელებელმა, არ უნდა დაუშვას არასათანადო და არაეთიკური რეკლამის ეთერში განთავსება – საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ 63 -ე მუხლის მეორე პუნქტი.
ერთ-ერთ სარეკლამო ვიდეორგოლში გამოყენებულია ნაწყვეტი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემიდან საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამის წამყვანის მონაწილეობით, რაც იკრძალება საქართველოს კანონით ,,მაუწყებლობის შესახებ“ 63-ე მუხლის მეხუთე პუნქტის მიხედვით, ხოლო მეორე ვიდეორგოლში პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ გამოყენებულია შეურაცხმყოფელი გამონათქვამი და შედარება, ის მოხსენიებულია, როგორც სამშობლოს მოღალატე, ამდენად, აღნიშნული სარეკლამო რგოლები წარმოადგენენ არასათანადო და არაეთიკურ რეკლამას, რომლის განთავსება აკრძალულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და კავშირში არ არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან.
ერთ-ერთი სარეკლამო ვიდეორგოლი შეიცავს უხამსი შინაარსის გამონათქვამს. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, იკრძალება ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თავის განცხადებაში მიუთითებს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლი აწესებს პროგრამულ შეზღუდვებს, კანონმდებლობით მის დარღვევაზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, ამასთან, დაუშვებელია ამ ნორმასთან დაკავშირებით თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში, კომისიაში ან რომელიმე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება.
ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციას კარგად უნდა მოეხსენებოდეს, რომ აღნიშნული შეზღუდვა ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვებთან – ,,ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“ – მიმართებით“, – აღნიშნულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომისია არ იზიარებს „საია“-ს განცხადებას, იმის თაობაზე, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის შემთხვევაში, საკითხის განხილვის უფლებამოსილება კომისიას არ გააჩნია. კომისიის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის განხილვა კომისიის პირდაპირი მოვალეობაა.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას კარგად მოეხსენება, რომ მაუწყებლობის სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია. მისი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი. მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლების მონიტორინგი და კანონის მოთხოვნების დაცვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მაუწყებლებისთვის პასუხის გაცემისას კომისია მოქმედებდა მისი უფლებამოსილების ფარგლებში. ამასთან, მაუწყებლების მიერ კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, კომისია, კანონმდებლობით დადგენილი წესით იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციაში.