კომუნიკაციების ეროვნული კომისია - არჩევნების მეორე ტურის ოფიციალურ გამოცხადებამდე, პოლიტიკური რეკლამის განთავსება აკრძალულია
პოლიტიკური რეკლამის განთავსება აკრძალულია, ვიდრე არჩევნების მეორე ტურის დანიშვნაზე ცესკო განკარგულებას არ გამოსცემს, – ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ განაცხადა.
„არაწინასაარჩევნო პერიოდში, ანუ ვიდრე ცესკო არ გამოსცემს განკარგულებას არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის თაობაზე, პოლიტიკური რეკლამის განთავსება აკრძალულია.
კომისიაში დამკვიდრებულია პრაქტიკა, რომ მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში, კომისია მაუწყებლებს შეახსენებს მათ უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს. 30 ოქტომბერს გაიგზავნა ასეთი წერილი, სადაც მაუწყებლებს განემარტათ კანონით დადგენილი ის უფლება-მოვალეობები, რომელიც მათ წარმოეშვებათ არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის თაობაზე, ცესკო-ს შესაბამისი დადგენილების შემდეგ.
ამავე დროს, კომისია წინასაარჩევნო პერიოდში, 24-საათიან რეჟიმში აწარმოებს მედიამონიტორინგს და მედიამონიტორინგმა დააფიქსირა, რომ პირველი ტურის დასრულების შემდეგ, ორმა მაუწყებელმა, „რუსთავი 2“-მა და „ობიექტივმა“ თავიანთ ეთერში განათავსეს პოლიტიკური რეკლამა. ამ საკითხს კომისია სწავლობს და გადაწყვეტილება უახლოეს სხდომაზე იქნება მიღებული“, – განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.