კომპენსაციების გაცემის პირველ ეტაპზე 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარება 248 817-მა პირმა მიიღო
პირველი დეკემბრის მდგომარეობით, 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაცია 248 817-მა პირმა მიიღო, ჯამში 74 645 000 ლარი გადაირიცხა, – აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველმა არხმა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოდან გამოითხოვა.
საუბარია მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, კომპენსაციების გაცემის პირველ ეტაპზე, რომელიც 2020 წლის მაისში დაიწყო.
სააგენტოს ცნობით, 300-ლარიანი დახმარების მისაღებად სულ 251 167 ბენეფიციარი დარეგისტრირდა, თუმცა 2 350 პირის შემთხვევაში, დოკუმენტაცია არ იყო სწორად შევსებული.
„დანარჩენი ბენეფიციარის დოკუმენტაცია არ იყო წესრიგში და დაეგზავნათ შესაბამისი მოკლე ტექსტური შეტყობინებები” – განმარტავენ სააგენტოში. ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის მიმღები პირები ძირითადად იყვნენ შემდეგი პროფესიების წარმომადგენლები: ბაზრის/ბაზრობის მოვაჭრე; სხვა ტიპის მოვაჭრე; ლიცენზირებული ტაქსის მძღოლი; მძღოლი; მუშა; ხელოსანი; მშენებლობის სპეციალისტი; მცხობელი/კონდიტერი; რეპეტიტორი; რესტორნის დამხმარე პერსონალი; სასტუმროს დამხმარე პერსონალი; სხვა ტიპის დამხმარე პერსონალი; სილამაზის სალონის პერსონალი; ძიძა; გიდი; საზღვარგარეთ სეზონურად დასაქმებულები სხვადასხვა მიმართულებით.
საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, არაფორმალურ სექტორში დასაქმებულების ან თვითდასაქმებულების დახმარებისთვის 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 75 მლნ ლარი გამოიყო.