კახა კალაძე - კომპანიებს, რომლებსაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა, დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხებათ
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომპანიებს, რომლებსაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა, არ დაერიცხოთ დასუფთავების მოსაკრებელი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, იმ ვითარების გამო, რაც დღეს ქვეყანაშია, მეწარმეების დიდმა ნაწილმა შეაჩერა საქმიანობა.
„მერიის საწარმომ „თბილსერვის ჯგუფმა“ აღრიცხა ასეთი სუბიექტები. ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ყველა კომპანია გვყავს აღწერილი, რომლებსაც შეჩერებული აქვთ დროებით თავიანთი სამუშაოების განხორციელება. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ კომპანიებს არ დაერიცხოთ დასუფთავების მოსაკრებელი იმ პერიოდზე, რა დროსაც შეჩერებულია მათ საქმიანობა. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს ამ კომპანიებს, იმ ბიზნესსექორს, რომლებსაც გარკვეული პრობლემები შეექმნათ და ვერ ახორციელებენ საქმიანობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.