კომპანიებისთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერაზე მთავრობის ინიციატივის განხილვა პარლამენტში დღეს იწყება
კომპანიებისთვის 2013 წლამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებათა ჩამოწერის შესახებ მთავრობის ინიციატივის განხილვა პარლამენტში დღეს იწყება.
საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განიხილავს.
კანონპროექტის თანახმად, გადასახადის გადამხდელებს სრულად ჩამოეწერებათ 2013 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, თუ მათ 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ აღარ განუხორციელებიათ საგადასახადო ანგარიშგება.
მთავრობის ინიცირებული პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ წინასწარი მონაცემებით, ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში 27 634 გადასახადის გადამხდელს (იურიდიულ პირთა ოდენობა – 4629, ხოლო ფიზიკურ პირთა რაოდენობა – 23005) სრულად ჩამოეწერება დაახლოებით 550 მლნ. ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება.
აღნიშნული ინიციატივის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საკანონმდებლო ორგანოში მთავრობისა და სამთავრობო პროგრამის პირველად წარდგენის დროს 19 ივნისს ისაუბრა. 29 ივნისს კი საქართველოს მთავრობამ პარლამენტისთვის წარსადგენად მხარი დაუჭირა კანონპროექტს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ.