კომპანიებისთვის ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება შესაძლოა, 2020 წლის ნაცვლად, 2025 წლიდან გახდეს სავალდებულო
კომპანიებს ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება, გარემოსდაცვითი მმართველის განსაზღვრა და ნარჩენების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების ვალდებულებების შესრულება 2020 წლის პირველი იანვრის ნაცვლად, 2025 წლიდან შეეძლებათ.
შესაბამისი ცვლილებები „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორი პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტია.
კომიტეტი განმარტავს, რომ თარიღის გადავადება იმის გამო ხდება, რომ ზემოთ აღნიშნული ვალდებულებების შესრულებისთვის ის კომპანიები ჯერ კიდევ არ არიან მზად, რომელთაც საკუთარი საქმიანობის შედეგად, წლის განმავლობაში, წარმოექმნებათ 120 კილოგრამზე ნაკლები სახიფათო ნარჩენი ან ორ ტონაზე ნაკლები არასახიფათო ნარჩენი.
ამასთან, კომიტეტი აღნიშნავს, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებულია 200-დან 500 ლარამდე საჯარიმო სანქციები და უმჯობესი იქნება, კომპანიები კანონის მოთხოვნების დასაცავად 2025 წლისთვის მოემზადონ, რათა სანქციები არ დაეკისროთ.
აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტის 4 ნოემბრის ბიუროს სხდომას წარედგინება.