კომპანია „ზეგის“ დირექტორი აცხადებს, რომ გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილს სამსახურში არანაირი პრობლემა არ ჰქონდა
კომპანია „ზეგის“ დირექტორი თამარ კობერიძე აცხადებს, რომ 23 წლის გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილს სამსახურში არანაირი პრობლემა არ ჰქონდა.
როგორც თამარ კობერიძე აცხადებს, ის იყო კომპანიის თანამშრომელი და მუშაობდა სხვადასხვა პროექტზე.
„სამსახურთან დაკავშირებით განცხადებაში ყველაფერი მიწერია. ვცდილობ, ყველა კითხვას პასუხი გავცე, უკვე ასჯერ გავეცი და ვეღარ ვხვდები, რა კითხვა არის დარჩენილი, რაზეც პასუხი არ გაგვიცია, რადგან აბსოლუტურად ყველაფერი დეტალებში მაქვს აღწერილი. ვართ „აუთსორსინგ“ კომპანია, თამუნა იყო მშვენიერი თანამშრომელი, არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. მუშაობდა სხვადასხვა პროექტზე. არაფერი განსხვავებული არ ხდებოდა“, – განაცხადა კომპანია „ზეგის“ დირექტორმა.
მანამდე კი, კომპანიის დირექტორმა მიმართვა გაავრცელა.
„მოგმართავთ თამარ კობერიძე, შპს „ზეგის“ დირექტორი. დავიწყებ იმით, რომ შეშფოთებული და გაოცებული ვართ თამუნას გაუჩინარებით. სამწუხაროა, რომ ასეთ დროს გვიწევს ამ სახის განცხადების გაკეთება: შპს „ზეგ“ არის IT (პროგრამული უზრუნველყოფა) კომპანია და საქართველოში უკვე ხუთი წელია არსებობს.
დასაქმებული გვყავს 50-მდე თანამშრომელი და წარმატებულად ვახერხებთ ზრდას. ვმუშაობთ ექსკლუზიურად ამერიკაზე და საქართველოს ბაზართან არანაირი შეხება არ გვაქვს, შესაბამისად, პიარიც არ გვჭირდება და მაღალი ცნობადობაც არ გაგვაჩნია. ალბათ ამ ბოლო დროს ხშირად გაგვიგია ყველას სიტყვა აუთსორსინგი. დამკვეთი კომპანია თავის ქვეყანასთან შედარებით დაბალ ფასად უკვეთავს პროექტს შემსრულებელს, რომელიც არაა სავალდებულო გეოგრაფიულად იქვე იყოს და ასე, მარტივად საქმდებიან განვითარებად ქვეყნებში ადამიანები. ასევე, მოგეხსენებათ, პროგრამისტის სამუშაოს აღწერა საკმაოდ რთულია მათთვის, ვინც კომპიუტერული ენა არ იცის. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, თუ რატომ შეიძლება ვერ ახსნა, რას აკეთებს კონკრეტულად პროგრამისტი, იგივე დეველოპერი.
პანდემიის დაწყებიდან გადავედით მუშაობის ონლაინრეჟიმში და თამუნას ბოლო პროექტი მოიცავდა ჩვენივე თანამშრომლებისთვის ონლაინსისტემის შექმნას, სადაც შევძლებდით თანაშრომლების საათების დათვლას. თამუნამ ეს პროექტი წარმატებით გააკეთა და განაგრძობდა მის მონიტორინგს და ხარვეზების გასწორებას. რაც შეეხება თამუნას გაუჩინარებას, როგორც ზემოთ ვახსენე, ყველა ჩვენგანისთვის მისი გაუჩინარება არის ამოუხსნელი. თამუნა 2017 წელს შემოგვიერთდა როგორც სტაჟიორი და მას შემდეგ ბევრი წინსვლა ნახა ჩვენთან. ვიცნობთ როგორც ძალიან კარგ თანამშრომელს. მან წინა კვირას შეგვატყობინა, რომ სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული არ ყოფილა ჩემთვის გასაკვირი, რადგან ბოლო წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ ჰქონდა ნათქვამი, რომ მისთვის რთული იყო თან სწავლა და თან ორ სამსახურში მუშაობა.
აქედან გამომდინარე, მისი გადაწყვეტილება ჩვეულებრივად მივიღე და ველოდებოდი, რომ ორშაბათს შემეხმიანებოდა. როგორც უკვე ყველამ ვიცით, თამუნა შაბათს გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა. აქტიურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, ხშირად ვეხმიანებით თამუნას ოჯახს, ჩვენვე მივაწოდეთ მათ მედიის ჩართვის იდეა გამოძიების დაჩქარების მიზნით“, – აღნიშნულია განცხადებაში.