კომპანია Volkswagen-ი ე.წ. დიზელის სკადალის გამო მილიარდი ევროთი დაჯარიმდა
გერმანიის პროკურატურამ კომპანია Volkswagen-ი ე.წ. დიზელის სკადალის გამო მილიარდი ევროთი დააჯარიმა. აღნიშნული ინფორმაცია თავად პროკურატურამ და კომპანიამ გაავრცელეს.
„Volkswagen-ი ეთანხმება ჯარიმას და ამით აღიარებს თავის პასუხისმგებლობას“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
გამოძიება Volkswagen-ის წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ავტოკონცერნი დიზელზე მომუშავე ავტომობილების გამონაბოლქვის შესახებ მონაცემებთან დაკავშირებით მანიპულაციებს ახორციელებდა და ატმოსფეროში მავნე ნივთიერების მაჩვენებელთან დაკავშირებით მონაცემებს ამცირებდა.
პროკურატურამ დაადგინა, რომ კომპანიამ დაარღვია კონტროლის განხორციელების ვალდებულება, რომელიც ავტომობილების ინსპექციას ეხებოდა. ამგვარად, გამოძიების აზრით, 2007-2015 წლებში მთელ მსოფლიოში მილიონობით ისეთი ავტომობილი გაიყიდა, რომელთა მონაცემებიც მოქმედ რეგულაციებს არ შეესაბამებოდა.
ავტომწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჯარიმის გასაჩივრებას არ აპირებენ.