კომპანია „რუსთავის წყალი“ 16 მილიონ ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს და ქალაქ რუსთავის მთავარ მაგისტრალურ ქსელს აახლებს
ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების რეაბილიტაციის გეგმის ფარგლებში კომპანია „რუსთავის წყალი“ სამუშაოებს აგრძელებს. ინფორმაციას „რუსთავის წყალი“ ავრცელებს.
კომპანიის განცხადებით, რუსთავის წყალმომარაგების ძირითადი და უმნიშვნელოვანესი მაგისტრალური ქსელი ხრამის სათავე ნაგებობიდან გამომავალი წყალსადენია და სწორედ აღნიშნული წყალსადენით ხდება სასმელი წყლის ტრანსპორტირება სათავე ნაგებობიდან რუსთავის მოსახლეობამდე.
მათივე ცნობით, მაგისტრალური ქსელის ხანდაზმულობა ხშირად იწვევს ავარიულ დაზიანებებს, რაც განაპირობებს ქალაქ რუსთავში წყალმომარაგების მასშტაბურ შეფერხებებს.
„კომპანია „რუსთავის წყლის“ მიერ განხორციელებული სადიაგნოსტიკო სამუშაოების შედეგად განისაზღვრა მაგისტრალური ქსელის ის მონაკვეთები, რომლებზეც ავარიული დაზიანებები ყველაზე ხშირად ფიქსირდება და დაიწყო აღნიშნული მონაკვეთების სრული განახლება. ხრამის სათავე ნაგებობიდან გამომავალი წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ახლით შეიცვლება 5 კილომეტრამდე სიგრძის წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი, მოეწყობა 54 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 26 ერთეული საკვანძო ჭა, დამონტაჟდება ორი ერთეული სახანძრო ჰიდრანტი“, – განაცხადა ტექნიკურმა დირექტორმა, ზურა ალფაიძემ.
ამასთან, როგორც კომპანიაში აცახდებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2024 წლის თებერვალშია დაგეგმილი. აღნიშნულ პროექტში კომპანია 16 მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს. შედეგად, ქალაქ რუსთავის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.