კახა ბექაური - „სილქნეტის“ შესაძლო შეძენაზე კომპანია Orange-ს კომუნიკაციების კომისიისთვის არ მოუმართავს
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კომპანია Orange-ის მიერ „სილქნეტის“ შესაძლო შეძენაზე ოფიციალური განაცხადი არ შესულა, – ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა ამ საკითხზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
კახა ბექაურის განცხადებით, კომპანია Orange-თან „სილქნეტი“ წლებია თანამშრომლობს. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ახლაც იგივე ფორმატში გრძელდება.
ამასთან, მისი განმარტებით, შეძენის სურვილის შემთხვევაში, კომპანიებმა კომუნიკაციების კომისიას ერთობლივი განცხადებით უნდა მიმართონ.
„ჩვენთან განაცხადი არ შემოსულა და ამაზე ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს. თუ მსგავსი რამ იქნება, მყიდველსაც და გამყიდველსაც კანონით ვალდებულება აქვთ, კომისიას ერთობლივი განცხადებით მომართონ. კომისიამ კი, თანხმობა უნდა განაცხადოს ან უარი უთხრას.
რაც შეეხება Orange-თან „სილქნეტის” თანამშრომლობას, „სილქნეტი“ ამ კომპანიასთან დიდი ხანია თანამშრომლობს და ეს „ჯეოსელის“ შესყიდვის შემდეგ არ დაწყებულა. ვფიქრობ, აღნიშნული თანამშრომლობა იმავე ფარგლებში გრძელდება. სიახლეს აუცილებლად გავიგებთ“, – განაცხადა კახა ბექაურმა.