კომპანია „ჯიბეს“ ხელმძღვანელი - მარნეულში პარასკევს 16 ტონამდე სურსათი შევისყიდეთ, შემდეგ დასვენების დღეები იყო და სამშაბათს უკვე გაიგზავნა მანქანები
მარნეულში პარასკევს დაახლოებით 16 ტონა სურსათი შევისყიდეთ, შემდეგ დასვენების დღეები იყო და მანქანები სამშაბათს კვლავ გაიგზავნა, – ამის შესახებ კომპანია „ჯიბეს“ დირექტორმა, ლევან დავითაძემ განაცხადა.
საბითუმო-სავაჭრო ქსელის „ჯიბე“ ხელმძღვანელი კომპანიის საქმიაობას განმარტავს და ამბობს, რომ „ჯიბეს“ საწყობები მთელ საქართველოშია გადანაწილებული.
მისი თქმით, კომპანიის შექმნის მიზანი და მთავარი საქმიანობა იყო არაორგანიზებული საბითუმო ბაზრის ორგანიზება და ის 10 წელია მუშაობს.
დავითაძე განმარტავს, რომ კომპანიამ დიდი ფინანსური რისკის ფასად გამოიჩინა ინიციატივა და ჩაერთო საკარანტინო ზონებიდან სურსათის შესყიდვის პროცესში.
„ქვეყანაში ბევრ ქალაქსა და სოფელში კარანტინია, შესაბამისად შეზღუდულია მოძრაობა, შეიქმნა ასეთი სიტუაცია და გაჟღერდა ინიციატივა უბრალოდ, ვის გაქვთ საწყობები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მალფუჭებადი პროდუქტებისთვის, რათა დავეხმაროთ გლეხებს, ფერმერებს, რომ არ მოუწიოთ მოსავლის გადაყრა. ეს გავაანალიზეთ და გამოვიჩინეთ ინიციატივა. ჩვენი საბითუმო საწყობები გადანაწილებულია მთელს რეგიონში.
ჩემი აზრით, მარნეულში პრობლემა არ შექმნილა, კვირა და ორშაბათი დასვენება იყო, პარასკევს დაახლოებით 16 ტონა სურსათი შევისყიდეთ. შაბათი და კვირა დაემთხვა, დასვენება და ამ პერიოდში კიდევ დაგროვდა მოსავალი. სამშაბათს უკვე გაიგზავნა მანქანები“, – განაცხადა დავითაძემ.
მისი თქმით, „ჯიბეს“ არანაირი ექსკლუზიური უფლება არ მიუღია, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ყველა ორგანიზაციას მიმართა, ვინც შესაბამის ნორმებს აკმაყოფილებდა.
„ასევე, უნდა ვთქვა, რომ აქ არანაირ ექსკლუზივზე არ არ საუბარი. განაცხადა მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა შეთავაზების შესახებ და მიემართა ნებისმიერ ორგანიზაციას, ვინც აკმაყოფილებდა სანიტარულ ნორმებს“, – აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, ხშირად, „ჯიბე“ ზარალზე მიდის და პროდუქციას შესასყიდ ფასშიც ვერ ყიდის.
„ჩვენ პარასკევს შევისყიდეთ 16 ტონა და დასჭირდა რამდენიმე საათი იმ მოცულობის მობილიზებას, რა მოცულობაც პარასკევიდან სამშაბათის ჩათვლით დაგროვდა. დღეს დაგეგმილი იყო რვა მანქანის ჩასვლა და ორი მანქანის დამატებაც მოგვიწია. პროცესი უკვე მიმდინარეობს, მაქსიმუმ 100 ტონა სურსათის შესყიდვაზეა საუბარი. ჩვენ, ხშირ შემთხვევაში, ზარალზე მივდივართ და პროდუქციას იმ ფასადაც ვერ ვყიდით, რა ფასადაც ვყიდულობთ. დასვენების დღეების გარდა, პროდუქცია ყოველდღიურად გამოგვაქვს. საშუალოდ, წინა კვირაში ეს იყო 12 ან 20 ტონამდე და სამშაბათიდან წამოვიდა დიდი მოსავალი. ეს უკვე იქნება 100 ტონის ფარგლებში. შემდეგ ნელ-ნელა იწურება მარნეული და ბოლნისი და გადავალთ ლაგოდეხისკენ“, – განაცხადა დავითაძემ.
ამასთან, მან განმარტა, რომ პროდუქციის ფასს ბაზარი ადგენს.
„ბაზარი არ გაჩერებულა, აქ არავინ არის მონოპოლისტი. ფასს ადგენს ბაზარი. ჩვეულებრივ გამოაქვთ ხალხს პროდუქტი, მაგრამ არა იმ ოდენობით, როგორც კარანტინამდე. ჩვენი წარმომადგენლები ჩადიან ადგილზე, ესაუბრებიან გლეხებს. საბაზრო ფასზე მიდის საუბარი, რადგან მათაც იციან რა არის ფასი ქალაქში ჩამოტანილი, რა არის ადგილზე ფასი და ამაზე მოლაპარაკებები ინდივიდუალურად მიმდინარეობს, ხდება შეთანხება, დგება შესყიდვის აქტი, ვყიდულობთ და მიგვაქვს ეს პროდუქცია“, – განაცხადა „ჯიბეს“ ხელმძღვანელმა, ლევან დავითაძემ.