ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ენკა რინიუებლზი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ მიზანმიმართულ დეზინფორმაციას, რომელიც ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტთან და კომპანია „ენკასთან“ დაკავშირებით ვრცელდება.
„ენკა“ 63-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 20 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
2014-2020 წლების განმავლობაში იგი წარმატებით ოპერირებდა ქართულ ბაზარზე და სულ ახლახანს დაასრულა „სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემის გაფართოების პროექტი“ (SCPX განხორციელდა წალკაში, გარდაბანსა და ახალციხეში), რომელიც დღემდე კეთილგანწყობით სარგებლობს მის არეალში მცხოვრებ მოსახლეობაში.
„ენკა“ ყოველთვის დროულად უზიარებდა დაინტერესებულ მხარეებს ზუსტ ინფორმაციას კომპანიის აქტივობების თაობაზე. ამჯერადაც გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ფაქტები ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის შესახებ. ამ ფაქტების დამადასტურებელი დოკუმენტები კი ჩართული მხარეებისთვის ნებისმიერ დროს იქნება ხელმისაწვდომი.
1. „ენკას“ არანაირი ტექნიკური თუ კომერციული ურთიერთობა არ გააჩნია შუახევი ჰესის პროექტთან. „ენკა“ აჭარაში აშენებული ამ ჰესის არც მფლობელია, არც მშენებელი კომპანია.
2. ვრცელდება უსაფუძვლო სპეკულაციები, თითქოს კომპანია ხეობაში 3000 თურქი მუშახელის ჩასახლებას გეგმავს. პროექტის ფარგლებში არ არსებობს არანაირი გეგმა თურქეთის მოქალაქეების რიონის ხეობაში ან საქართველოს სხვა რეგიონში ჩამოსახლებასთან დაკავშირებით.
3. სპეკულაციები კაშხლის უსაფრთხოებასთან, დატბორვის საშიშროებასთან, კლიმატის ცვლილებასთან, გეოლოგიურ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით არანაირ სამეცნიერო შესწავლასა თუ კვლევას არ ეფუძნება, მაშინ, როდესაც თავად „ენკა“ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე ცნობილ საინჟინრო კომპანიებსა და გამოცდილ ექსპერტებთან თანამშრომლობს. „ენკას“ ჩატარებული აქვს ყველა კვლევა, რომელსაც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა პროექტის ამ სტადიაზე მოითხოვს.
4. „ენკამ“ დამატებით გამოიკვლია ექსტრემალური სეისმური სცენარები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ კაშხლის უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება და პროექტი სრულ შესაბამისობაშია დიდი კაშხლების საერთაშორისო კომიტეტის ნორმებთან და სტანდარტებთან. აღნიშნული დამატებითი კვლევის შედეგები საჯაროდ იქნა წარმოდგენილი 2020 წ. 19 ოქტომბერს თბილისში, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ კონფერენციაზე, რომელსაც ჰიდროინჟინერიის ექსპერტები, სამეცნიერო წრეების, ჰიდროელექტროსადგურების დეველოპერი კომპანიებისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ. დარგის სპეციალისტების აღიარებით, ქვედა ნამახვანი ჰესის კაშხალი ყველაზე უსაფრთხო იქნება საქართველოში არსებულთაგან.
5. გარდა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ ჩატარებულისა, „ენკამ“ ინტენსიურად იმუშავა ნამახვანის პროექტთან დაკავშირებული ყველა ასპექტის კვლევაზეც. განსაკუთრებული ყურადღება კომპანიამ დაუთმო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა გეოლოგია, ჰიდროგეოლოგია, სეისმურობა, მეწყერსაშიში ზონები, ჰიდროლოგია, კაშხლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მხოლოდ ამის შემდეგ მოახდინა დიზაინის ოპტიმიზება საერთაშორისო ექსპერტებთან და სპეციალისტებთან ერთად. სწორედ ამ ოპტიმიზებული, გაუმჯობესებული დიზაინისა და ზემოთ ხსენებული ყველა კვლევის საფუძველზე მიიღო კომპანიამ 2020 წლის დასაწყისში განახლებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და მშენებლობის ნებართვა.
6. 2020 წ. 22 აპრილს „ენკა რინიუებლზის“ სახელზე გაიცა განახლებული ნებართვა (სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ნებართვა №60-04), რომლის ფარგლებშიც ამ ეტაპზე კომპანიისთვის ნებადართულია მოსამზადებელი რიგისა და მიწის სამუშაოების განხორციელება.
7. ხსენებული დოკუმენტის თანახმად, დასაშვებია დეტალური პროექტებისა და საექსპერტო დასკვნების წარდგენა ეტაპობრივად, თითოეული სტრუქტურის მიხედვით. ამ ეტაპზე სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში წარდგენილია და მასთან შეთანხმებულია სადერივაციო გვირაბის დეტალური პროექტი შესაბამისი საექსპერტო დასკვნებით. საპროექტო არეალში არსებული მიწის ნაკვეთების ნაწილი, საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების თანახმად, უკვე პრივატიზებულია „ენკა რინიუებლზის“ მიერ. ამჟამად სრულდება დარჩენილი ნაკვეთების გამოსყიდვის პროცესი, რის შემდეგაც მათი გადმოცემის პროცესი დაიწყება.
8. „ენკა“ განაგრძობს მჭიდრო კავშირს ხეობის მოსახლეობასთან მდგრადი და ბიზნესზე ორიენტირებული სათემო საინვესტიციო პროექტების შემუშავებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით. კომპანიის თაოსნობით იქმნება ასოციაცია, რომელიც ხელს შეუწყობს ღვინის წარმოებას, ბოთლების დამზადებას, ისევე, როგორც ადგილობრივი წარმოების ღვინისა და თაფლის რეალიზებას. სულ ახლახანს გაფორმდა ხელშეკრულებები ადგილობრივი წარმოების 4 ტონა თაფლის ყაზახეთის ბაზარზე რეალიზებისა და 5 ტონის რუსეთის ბაზარზე გაყიდვის თაობაზე. ამავდროულად, ადგილობრივ მეღვინეთა შემოსავლის გაზრდის მიზნით ხეობაში ღვინის ქარხნის მშენებლობა დაიწყება.
9. მშენებლობის ეტაპზე ადგილობრივთა დასაქმებით ნამახვანის ჰესების პროექტი ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, კერძოდ, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში. პიკურ ნიშნულზე პროექტი 2000 ადამიანს დაასაქმებს და მათი 80% საქართველოს მოქალაქე იქნება.
10. რაჭის მაგალითით (შაორის წყალსაცავი) თუ ვიმსჯელებთ, ნამახვანი ჰესის კაშხალი და წყალსაცავი მიმდებარე არეალითურთ ახალ შესაძლელობებს გააჩენს ქუთაისში ტურისტული ბიზნესისთვისაც.
ადამიანი, რომელიც ქვეყნის განვითარებას ემხრობა, ვერ უგულებელყოფს, რომ ენერგიის გამომუშავებისთვის ადგილობრივი რესურსების გამოყენება და ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცება ქვეყნის დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ნამახვანის ჰესების კასკადი მნიშვნელოვანწილად შეამცირებს საქართველოს ენერგოდამოკიდებულებას სხვა ქვეყნების ენერგორესურსებზე (ელექტროენერგია და ენერგომატარებლები).
კომპანია კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას დიალოგისთვის და პროექტის შესახებ სიმართლით დაინტერესებული ყველა მხარისათვის ინფორმაციის გაზიარებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.