კომპანია „ბორჯომის“ თანამშრომლები პროტესტს აგრძელებენ. ისინი ახალი ხელშეკრულებების პირობებს და თანაშრომლების გათავისუფლების შესახებ კომპანიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
დასაქმებულებს აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფკავშირის წარმომადგენელი გიორგი დიასამიძე შეხვდა. გიორგი დიასამიძის განცხადებით, პროფკავშირები დასაქმებულებთან ერთად დავას სასამართლოში გააგრძელებენ. მისივე თქმით, 21-დღიან მედიაციის პროცესში, ვიდრე მოლაპარაკებები არ დასრულდება, დასაქმებულები ქარხნის მუშაობის განახლების შემთხვევაში, გააგრძელებენ მუშაობას.
„ორი მიმართულებით ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას. ერთი, ჩვენ დავიწყებთ სასამართლო დავას, რადგან ვფიქრობთ, რომ კომპანიის გადაწყვეტილება თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ არის უკანონო. მეორე მიმართულება არის მედიაციის პროცესი. ჩვენ გამოვიყენებთ მოლაპარაკების ყველა შესაძლებლობას. ვიდრე მედიაციის პროცესი არის, თანამშრომლები, თუკი ქარხანა განაახლებს მუშაობას, უბრუნდებიან სამუშაო ადგილს, ეს არის მათი ვალდებულება. ბრძოლას ვაგრძელებთ. ახალი ხელშეკრულებები არის უვადო. ზოგადად, ყოველთვის უკეთესია უვადო ხელშეკრულებები, მაგრამ აქ არის დასაქმებული ადამიანებისთვის მიუღებელი პირობები, ეს არის გაუარესებული პირობებით ხელშეკრულება. ეს ადამიანები მზად არიან, გაუარესებული პირობებით იმუშაონ სამი თვით, ვიდრე კომპანია დაძლევს კრიზისს და ამის შემდეგ, ეს ადამიანები ითხოვენ ძველი ხელშეკრულებით მუშაობას. პროტესტი გაგრძელდება და მიიღებს უფრო მასშტაბურ სახეს 21 დღის შემდეგ, თუკი მოლაპარაკებები არ დასრულდება შეთანხმებით“, – აცხადებს აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე.