კომპანია „ბოლტ ფუდის“ კურიერებმა სპორტის სასახლესთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.
კომპანიის თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
მათი თქმით, კურიერებს დროთა განმავლობაში მომსახურების საფასური შეუმცირდათ.
გაფიცული კურიერები სახალხო დამცველის აპარატს მოუწოდებენ, მათი პრობლემით დაინტერესდეს.
დღვანდელ აქციას სოლიდარობის ნიშნად „ვოლტის“ და „გლოვოს“ კურიერებიც შეუერთდნენ.
ამასთან, აქციაზე იმყოფებოდნენ კომპანიიდან გათავისუფლებული თანამშრომლებიც, რომლებიც სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ.
„დღეს არის რიგით მეოთხე აქცია, რომელიც გახდა უფრო მასობრივი. სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომლები და სხვადასხვა ორგანიზაციაც შემოგვიერთდა. საკვები ობიექტები უცხადებენ სოლიდარობას ამ პროტესტს და მათი პოზიციაა, რომ დღეს დღის განმავლობაში გათიშავენ „ბოლტ ფუდის“ აპლიკაციას და მომხმარებლებს აღარ შეეძლებათ, აპლიკაციით შეუკვეთონ საკვები, რაც ძალიან სამართლიანია. ბოლო პროტესტიდან „ბოლტ ფუდის“ მხრიდან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. ჩვენ განვაგრძობთ სხვადასხვა სახით ბრძოლას, მაგალითად, ერთ- ერთი არის, რომ დაბლოკილი კურიერების ნაწილი ამ კომპანიის წინააღმდეგ აუცილებლად დავიწყებთ სასამართლო დავას. ჩვენი მოთხოვნების პირველ პუნქტად ისევ რჩება, კომპანია გამოვიდეს ამა თუ იმ ფორმით კომუნიკაციაზე, რაზეც ჯერ უარს აცხადებენ, ასევე დაბლოკილი კურიერები აღადგინონ“, – განაცხადა „ბოლტ ფუდის“ გათავისუფლებულმა კურიერმა ირაკლი ქორიძემ.